გიორგი ვაშაძე: კობაიძე ვერ მოხსნიდა კანდიდატურას, რადგან მისი კანდიდატურა არც დაგვიყენებია

“ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალექსანდრე კობაიძე მისი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

ამის შესახებ მან “პირველ პრესკლუბში” განაცხადა.

“ალექსანდრე კობაიძე ჩვენი კანდიდატი არ ყოფილა რუსთავში. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მოსახლეობასთან, თუმცა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ გვქონია, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვერც მოხსნიდა კანდიდატურას მაჟორიტარობიდან, რადგან არ დაგვიყენებია, ვერსად ვერ ნახავთ, რომ ის არის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალექსანდრე კობაიძემ კანდიდატურის მოხსნის შესახებ დღეს “პირველ პრესკლუბში” ისაუბრა.

“მქონდა შემოთვაზება რუსთავში გიორგი ვაშაძის პარტიიდან, რომ კენჭი მეყარა მაჟორიტარ კანდიდატად. აღნიშნულ წინადადებაზე სერიოზულად ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო, რუსთაველებისთვის ძალიან დიდი სიკეთე მომეტანა, თუმცა ერთი კვირის წინ, მოხდა ბლოკის შექმნა, სადაც “ახალი საქართველო”, “მემარჯვენეები” და “გირჩი” გაერთიანდნენ და შესაბამისად, აღნიშნული ბლოკის საფუძველზე წარმოიქმნა ერთი საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ჩემთვის არ არის მიმზიდველი.

ის იდეოლოგია, რომელიც “გირჩს” აქვს, მიუღებელია. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია იმ პიროვნებების არსებობა დღევანდელ პოლიტიკაში, რომლებიც ამ პარტიის სათავეში არიან. შესაბამისად, გადავწყვიტე, ჩემი კანდიდატურა მოვხსნა.

ბოდიშს ვუხდი რუსთაველებს, რომლებსაც სუდათ, მათი ხმა ვყოფილიყავი პარლამენტში. ვერ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ასეთი კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი.

წარმატებას ვუსრვებ გიორგი ვაშაძეს, თუმცა წარმოუდგენელია, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც გაერთიანდნენ, წარმატებას მიაღწიონ.

ეს ადამიანები წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვეოდა”, – განაცხადა კობაიძემ “პირველ პრესკლუბში”.

banner
წინა სტატიაშილადო ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს – “ცენტრისტების” წარმომადგენელი საფრთხეებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე: ყველანაირი საფუძველი არსებობს მოღალატური ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის გაუქმებისა