გიორგი მღებრიშვილი – შევქმენით ე.წ. ღამისმქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს ღამის განმავლობაშიც აქრობენ

ჩვენ ტყის ხანძრების ქრობის ახლებური მეთოდი დავნერგეთ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შევქმენით ე.წ. ღამისმქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს ღამის განმავლობაშიც აქრობენ, – ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა თურქეთის სოფლის მეურნეობისა და ტყის სამინისტროს, ტყის საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ბექირ ქარაჯაბეისთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „თაიმერს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, გიორგი მღებრიშვილმა თურქულ მხარეს ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში გაწეული დახმარებისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვა.

“ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ და დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთად ვებრძოლოთ ბუნებრივ გამოწვევებს. ეს რეგიონი ჩვენი საზრუნავია, შეიძლება საქართველოში ეკოლოგიურმა ცვლილებამ თქვენი ქვეყნის ეკოლოგიაზეც იმოქმედოს და პირიქით. ჩვენი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ერთმა ნაწილმა თურქეთში გაიარა საკვალიფიკაციო კურსები და სწორედ თურქული მხარის დახმარების შემდეგ, ჩვენ ტყის ხანძრების ქრობის ახლებური მეთოდი დავნერგეთ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შევქმენით ე.წ. ღამისმქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს ღამის განმავლობაშიც აქრობენ. ბოლო ხანძრებმა აჩვენა, რომ ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია,“ – განაცხადა მღებრიშვილმა.

ბექირ ქარაჯაბეის განცხადებით, თურქული მხარე ყოველთვის მზადაა დაეხმაროს საქართველოს ისეთი დიდი გამოწვევის დამარცხებაში, როგორიც ტყის ხანძრებია. თურქულმა მხარემ ქართველი სპეციალისტების გადამზადების მზაობა დააფიქსირა.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის აქტიური თანამშრომლობაა და ეს აუცილებლად გაღრმავდება და გაგრძელდება. შარშანდელმა ტყის ხანძრებმა აჩვენა, თუ რამდენად აქტიურები შეიძლება ვიყოთ ორმხრივ ურთიერთობაში. ჩვენ გვესმის, რამდენად დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის ტყის ხანძრები, ამიტომ მზად ვართ თქვენი სპეციალისტები გადავამზადოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება”, – განაცხადა ბექირ ქარაჯაბეიმ.

გიორგი მღებრიშვილი მეორე დღეა თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ანკარაში კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა და თანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე პროკურატურის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოკითხავენ
შემდეგი სტატიახელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე “საქნახშირი” მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობას უზრუნველყოფს