გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს შტაბ-ბინას ეწვია. გიორგი მღებრიშვილი უწყების დირექტორს – ვერნან ქანანს და ბიუროს სხვა ხელძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სფეროში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელებს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და განვითარების პერსპექტივებზეც ესაუბრა.

„თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ინტენსიური ტრენინგები უწყების შესაძლებლობების ეფექტური განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით დასაძლევად აუცილებელია ჩვენი ერთად ყოფნა, ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა და გამოცდილების მუდმივი გაზიარება“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

„საქართველოს შს მინისტრის პრიორიტეტები ზუსტად ემთხვევა ჩვენს ხედვას. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ განათლება პროგრესის საწინდარია. განსაკუთრებით მსურს, აღვნიშნო, რომ საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი თანამშრომლობა ამის ნათელი მაგალითია.
ჩვენ, პოლიციელებს, გვაქვს მსგავსი გამოწვევები, ერთნაიარად ვაზროვნებთ, ვმოქმედებთ, ერთნაირად აღვიქვამთ პრობლემებს და ამიტომ, გამოცდილებისა და ინფორმაციის მუდმივ გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეფექტური მუშაობისთვის“, განაცხადა ვერნან ქანანმა.

ოფიციალურ შეხვედრას ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროში ის ექსპერტებიც დაესწრნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქართველოს შსს-ს თანამშრომელთა გადამზადებაში მონაწილეობდნენ და მომავალშიც მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ.

ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიურო აქტიურადაა ჩართული აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL)-ს ტრეინინგებისა და განვითარების პროგრამებში. საქართველოში ბიურომ უკვე 30-ზე მეტი ინსტრუქტორი გამოაგზავნა, რომლებმაც შს სამინისტროს
350-ზე მეტი თანამშრომელი გადაამზადეს.

banner
წინა სტატიაშიმეხანძრე-მაშველებს ახალი ფორმები გადაეცათ
შემდეგი სტატიაშსს-ს ძიუდოს კლუბის სპორტსმენები თბილისში გამარჯვებულები დაბრუნდნენ