გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის, გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს სტრასბურგსა და ბრიუსელში და ვარშავაში დაგეგმილი NATO-ს სამიტისათვის მზადების საკითხებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც განიხილეს. აშშ-ის ელჩმა ქვეყნის პირველ პირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო.

შეხვედრისას განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების ასპექტები და ქართული დემოკრატიის გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის ყველა მნიშვნელოვანი თემა.

საქართველოს პრეზიდენტისა და იან კელის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაპარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურები განიხილეს