გიორგი მარგველაშვილი: ვანო მერაბიშვილის უფლებები პატიმრობის დროს შეილახა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ფიქრობს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა, მიიჩნევს, რომ მისი უფლებები პატიმრობის დროს შეილახა. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

„მე არ ვთვლი, რომ მერაბიშვილის მიმართ, მისი პატიმრობის დროს მისი უფლებების შელახვა მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია… არც სტრასბურგი არ ამბობს ამას და ამ ტყუილების კორიანტელში ცხოვრებას უნდა დავანებოთ თავი. სტრასბურგს არასდროს უთქვამს, რომ მერაბიშვილი არასწორად არის გასამართლებული“, – განმარტავს მარგველაშვილი.

საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლომ 4 ათასი ევრო დააკისრა, რომელიც შს ყოფილ მინისტრს კომპენსაციის სახით უნდა მიეღო. სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

სტრასბურგის სასამართლოს მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოაცხადა.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

მის მიმართ საერთო სასამართლოებმა რამდენიმე საქმე განიხილეს. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს.

banner
წინა სტატიაშიგორში სტალინის მუზეუმისკენ მსვლეობას ,,ქართული ოცნების” დეპუტატი შეუერთდდა
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი მოსამართლემ 1 ივნისამდე უნდა გამოიტანოს