გიორგი მარგველაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.

თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჭრილში აქტუალური საკითხები განიხილეს – თემები, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი- ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებას, აღმოსავლეთ – დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობის ზრდას, კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებს.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს თანამშრომლობა, თურქმენეთს, აზერბაიჯანს საქართველოსა და თურქეთსა და ევროკავშირს შორის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

თურქეთმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დაგმო რუსეთის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებთან.

საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი და ნატოს წევრი, იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან – ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა
შემდეგი სტატია,,ელისაშვილი შემჩნეულია ხშირად ცილისწამებებში და ამას მისი ცხვირის ზომაც ადასტურებს”