გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია არამარტო პოლონეთისათვის, არამედ ევროკავშირისა და ნატოსთვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისათვის განიხილება სამომავლო ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, გამოთქვა იმედი, რომ ამ კუთხით სამიტი საქართველოსათვის წარმატებული იქნება და ყოველი სამიტი კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან.

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ მიულოცა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული პროგრესი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეს და უვიზო მიმოსვლას გულისხმობს.

მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევისა, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დიდი მონდომებითა და სწრაფი ტემპებით შეძლებს თავისი მიზნის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მხარეებმა შეხვედრისას საქარათველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების შესახებ ისაუბრეს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ბელორუსში სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, მრავალი საფრთხის შემცვლელია საერთო, ევროპული უსაფრთხოებისათვის.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე აუცილებლად იქნება განხილული რუსეთის ქმედებები, სამხედრო წვრთნები და შეფასებული იქნება საფრთხეები.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ როლს თამაშობს რეგიონში, როგორც აზია – ევროპას შორის გზაგასაყარი და დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც მრავალ შესაძლებლობას უხსნის თავის პარტნიორებს ვაჭრობის, ენერგეტიკისა და საერთო უსაფრთხოების მიმართულებებით.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წელი, მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნებისათვის – ქვეყნებისათვის, რომლებმაც თავი დააღწიეს რუსეთის იმპერიას და მოიპოვეს დამოუკიდებლობა. შესაბამისად, აუცილებელია, მხარდაჭერით გავაძლიეროთ ერთმანეთი და არ დავუშვათ რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის შელახვის პრეცედენტები.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ყიზილაჯლოში მომხდარზე ყველანაირი წინასწარი ლაპარაკი და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორი იქნება
შემდეგი სტატიაადამიანური რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ – “საიას” წინასაარჩევნო ანგარიში