გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრემიერს შეხვდა

პოლონეთი მზადაა განაგრძოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და პოლონური გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით.
აღნიშნული საკითხი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრემიერმინისტრთან ბეატა შიდლოსთან შეხვედრისას განიხილა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს, რომელიც პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ – საგანმანათლებლო და სხვა სექტორული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას მოიცავს.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებას, ასევე საქართველო- პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას უზრუნველყოფს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პოლონეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა პოლონეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სხვადასხვა სამიტებზე, მათ შორის მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე პოლონეთის მხრიდან საქართველოს პოზიციების მხარდაჭერას. რაც ეხება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, პოლონეთის პრემიერმინისტრის მხრიდან აღინიშნა ის კონკრეტული სფეროები და პრაქტიკულად კონკრეტული კომპანიები, რომლებიც უახლოეს პერიოდში საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ.

მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან დინამიურად იზრდება პოლონეთთან, განსაკუთრებით ეს ხდება DCFTA-ს შემდგომ. ისევე როგორც პოლონელებისთვის, პოლონეთის მოქალაქეებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება საქართველო, როგორც ტურისტული ადგილი და გამოვთქვით იმედი, რომ ეს დინამიური ზრდა მხოლოდ გაგრძელდება”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებზე და ფორმატების გაფართოების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

banner
წინა სტატიაში„ორშაბათს საინტერესო დღე იქნება, საკადრო ცვლილებებიც იქნება“- კახა კალაძე
შემდეგი სტატია700 000-ზე მეტი ხე-მცენარე, 36 სპორტული მოედანი, 143 ახალი ავტობუსი – ნარმანიამ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა