გიორგი მარგველაშვილი ფილიპ ვუჟანოვიჩს მონტენეგროს ნატო-ში გაწევრებისათვის მიწვევას ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროელ კოლეგას ფილიპ ვუჟანოვიჩს მონტენეგროს ნატო-ში გაწევრებისათვის მიწვევას ულოცავს.

როგორც პრეზიდენტი მილოცვაში აღნიშნავს, ის მოხარილია, რომ პრეზიდენტ მუჟანოვიჩის ხელმძღვანელობით, ამ წლების მანძილზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მონტენეგრომ ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია

„ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ თქვენ, მონტენეგროს ხელისუფლებასა და ხალხს, ეს ისტორიული გადაწყვეტილება – ნატო-ს 29-ე წევრად გაწევრებისათვის ალიანსის მიწვევა. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამ წლების მანძილზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მონტენეგრომ ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. გაწეული რთული სამუშაოსა და ძლიერი ძალისხმევის აღიარება ჭეშმარიტი წარმატება და გამარჯვებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს გაფართოება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ალიანსს, ასევე წაახალისებს თქვენი ხალხის კეთილდღეობასა და სახელმწიფოებრიობას. პატივცემულო პრეზიდენტო, მსურს აღვნიშნო, რომ თქვენი ქვეყნისათვის დღეს მიღებული მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება შთამაგონებელი საქართველოსა და სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისათვის. საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა. მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით წვლილს შევიტანთ ჩვენი საერთო, ევროატლანტიკური თანამეგობრობის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში მომავალ წელს, გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და პარტნიორობას. მოუთმენლად ველი, რომ გიმასპინძლოთ საქართველოში. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი მონტენეგროელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

banner
წინა სტატიაში“საარჩევნო კოდექსში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს”
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო მანანა კობახიძეს პასუხობს