გიორგი მარგველაშვილი – მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ – ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი?

ჩვენ ვნახეთ პროპაგანდისტული ომი შპარგალკებით და იეჟოვის ტერმინოლოგიით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილმა “აჭარის“ ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, მის წინააღმდეგ შავი პროპაგანდა მიმდინარეობს. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ პოლიტიკური ფიგურები ხელახლა დაიწყებდნენ საუბარს ნულოვან ტოლერანტობაზე, ანუ იმ წარსულზე, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებდა.

“მე შავ პიარსაც კი არ ვუწოდებდი იმას, რაც ხდებოდა. ეს არის შავი პროპაგანდა, რადგან ის ტექსტები, რა ტექსტებსაც ვისმენთ, ასაკიან ადამიანებს გვახსოვს „ენკავედეს“ ტერმინოლოგიიდან. ვისმენთ, მავნებელი პრეზიდენტი ძირს უთხრის უსაფრთხოებასო და ა.შ. მე არ ვიცი ვინ წერდა ამ ტექსტებს, პირდაპირ „ენკავედეს“ ნარჩენი პრესსამსახური იყო, თუ ვინმე სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი ტექსტები ისმოდა. მე ძალიან შემაშფოთა იმან, რომ როცა ვუყურებ მთელ ამ პროცესს, მე დავინახე, რომ ტრაგედიიდან სადღაც ერთი კვირის ფარგლებში მივიღეთ ის, რომ გაცხადდა – საჭიროა ძალადობაზე ნულოვანი ტოლერანტობა. ნულოვან ტოლერანტობას გვიანონსებენ სამართალდამცავი ორგანოები. ნულოვანი ტოლერატობა იყო ის, რასაც ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლების 9 წლის განმავლობაში. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური ფიგურები ხელახლა დაიწყებდნენ საუბარს ამაზე. ეს კი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ კვირაში მოხდა ყველაფრის შეცვლა პროპაგანდის მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე ისაუბრა და გაკვირვება გამოთქვა, რომ უწყებას სტატისტიკა ჰქონდა შეწყალებებთან დაკავშირებით და ქვეყნის პირველ პირს ინფორმაცია არ მიაწოდა. “ძალიან რთული იყო მეორე მომენტი, მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ. ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი და შეწყალების კომისია, რომელსაც ორი წლის წინ რაღაც უნდა განეჭვრიტა? მე მაინტერესებს საზოგადოების რეაქცია და პრობლემის ადეკვატურად დანახვა. ეს ტრაგედია ხვალ აღარ განმეორდება? დაცულია ქალბატონი, რომელიც იგივე პოლიციის განყოფილებაში მივა? ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ტრაგედია. ადეკვატურები უნდა ვიყოთ აუცილებლად. ამ პიარ ომში კომიკურად გამოვიდა, რომ თურმე შს სამინისტრო რაღაცა მასალას ამუშავებს, მე ამას არ მეუბნებიან. სტრუქტურა, რომელიც ვალდებულია კრიმინოგენური ვითარება გააუმჯობესოს, არ მიზიარებს ამ სტატისტიკას. რას ნიშნავს ეს?! მე შს სამინისტროსგან დაკვირვების რეჟიმში ვარ?! თუ შენ ფლობ ინფორმაციას, რატომ არ მიზიარებ?! როცა შენ პოლიციის მუშაკს რაღაცა სტატისტიკაზე ამუშავებ, ის პრეზიდენტს არ უნდა გაუზიაროს და პროპაგანდისტულ კამპანიაში უნდა გამოიყენო, იქნება მოქალაქე ამით უფრო დაცულია?! პროპაგანდისტულ ომში მე მათზე მეტი გამოცდილება მაქვს. ეს ადამიანები, ვინც მე იეჟოვის ლექსიკით მელაპარაკება, მინახავს კომკავიშირის მდივნების პერიოდში. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდისტული ომი შპარგალკებით და იეჟოვის ტერმინოლოგიით. რა თემას უნდა ჩავყვე და რას არა, ეს მე გავიარე კომკავშირის დროს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ,,ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: უშიშროების საბჭოს გაუქმება ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია