გიორგი მარგველაშვილი – მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სკოლაში აგრესიის დაძლევაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ, ამისათვის საჭიროა მათი გაძლიერება და ავტორიტეტის ამაღლება.

მისივე თქმით, მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს საპატრიარქოში გააკეთა, სადაც თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვის საზეიმო აღნიშვნას დაესწრო.

,,ეკლესიის მამათა ჰექსენომერული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი“ ირაკლი ორჟონიას ნაშრომია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და სასულიერო აკადემია – სემინარიის რექტორის და იქ მოღვაწე მეცნიერთა დახმარებით შეიქმნა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერს და განათლების მინისტრს სკოლის რეფორმირებისაკენ მოუწოდა.

“აგრესია და ბოროტება დაითრგუნება არა აგრესიით არამე სიყვარულით და გაზიარებით. დღეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ საჭიროებას, რომ ჩვენ უფრო მეტად ლმობიერი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და სწორედ, ლმობიერი აღზრდის ფორმით გადავწყვიტოთ საკითხები, რომლებიც ჩვენს წინაშე დადგა. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო და მინისტრო, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია სკოლაში. მე როგორც განათლების ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც მათი გადაწყვეტაა შესაძლებელი, არის მასწავლებლის გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება საზოგადოებაში. მხოლოდ ეს მოახერხებს რეალობის გარდატეხას და შეცვლას. საზოგადოებაში ბევრი მსჯელობაა, თუმცა აგრესიაზე და მკვლელობის ტრაგედიაზე მსჯელობის ტექსტი ხშირად აგრესიულია და ამის დაძლევის ერთადერთი ფორმა სიყვარულზე და ერთმანეთისათვის გაზიარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა, რასაც სკოლაში მასწავლებლები ატარებენ. მასწავლებელი ის ერთადერთი რესურსია, რომელიც ცვლის განწყობას სკოლაში.
აქვე მინდა მანდატურის სამსახურზეც გითხრათ. საბედნიეროდ, მაშინდელი ტენდენცია, რომ მანდატურის სამსახური დახურულიყო, არანაირად არ იქნა გაზიარებული და მე შევინარჩუნე ეს სამსახური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის. მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ მანდატურის სამსახური არის სკოლის, მასწავლებლის დამხმარე და არ შეიძლება იყოს სამართალდამცავი, ის ვერ იქნება სკოლის შიგნით სამართალდამცავი.
მე იმედი მაქვს, რომ ამ ტენდენციებით, ამ სულისკვეთებით, და თქვენი ლოცვა-კურთხევით თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ქადაგებებში ასე სწორად ორიენტირებული ღირებულებებით, ჩვენ შევძლებთ ამ აგრესიის დაძლევას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველი ვხდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის”
შემდეგი სტატიაავაკოვის შვილი სააკაშვილის საქმეზე: “მეც იგივეს მიპირებდნენ”