გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს კორცხელის მსგავსი ხარვეზების გადალახვას

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას შეშფოთება გამოთქა კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს არჩევნების მიმდინარეობისას “ამგვარი ხარვეზების გადალახვას”.

“მე შეშფოთებული ვარ კორცხელში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც აქ რამდენჯერმე ახსენეს. ვფიქრობ, ეს იყო ამაზრზენი. ეს არის საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და, რომელიც არ უნდა განმეორდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გავაკეთეთ მე, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. ყველამ ერთხმად დაგმო მომხდარი. მოხდა ინციდენტის მონაწილეების იდენტიფიცირება და მათ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა, შევძლებთ, გადავლახოთ ამგვარი ხარვეზბი არჩენების მიმდინარეობისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით ყველას ერთიანი პოზიცია აქვს. ამ საკითხის ქაღალდზე გადატანისა და ერთგვარი დოკუმენტის შექმნის იდეა იქნება სასარგებლო. იდეა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიის “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს წარადგინეს. ვიმედოვნებ, რომ ეს იდეა განხორციელდება და ყველა მონაწილე მხარე შეთანხმდება თამაშის წესებზე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციაზე მკაფიო პოზიტიური მესიჯი გავუგზავნოთ
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმეზე მორიგი პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს