გიორგი მარგველაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი თავისუფალი ვაჭრობის დინების მოცულობას გაზრდის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში, თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის – “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” 86 დელეგაციის წარმომადგენელს სიტყვით მიმართა:

“ვამაყობ, რომ საქართველო იყო იმ არსებითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი, რომელმაც განსაზღვრა თურქმენეთის სტრატეგიული და პოლიტიკური მომავალი. 20 წლის წინ გაკეთებულმა გონივრულმა არჩევანმა, მოიტანა ამ ქვეყნის პროგრესი, კეთილდღეობა და განვითარება. დღეისათვის თურქმენეთი წარმოადგენს წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში მართებული ადგილი უკავია”- განაცხადა მარგველაშვილმა კონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გამოწვევებითა და წინააღმდეგობებით სავსე 2015 წელი დასასრულს უახლოვდება. ომმა სირიაში, ავღანეთში, ტერორისტულმა თავდასხმებმა პარიზში, ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში, ასევე რუსეთის აგრესიამ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ და გადაუჭრელმა კონფლიქტებმა აღმოსავლეთ ევროპაში – მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში, 2016 წლისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და საფრთხეები გამოკვეთა.

მისი თქმით, ასეთ მგრძნობიარე და მოწყვლად გარემოში უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის.

“აქედან გამომდინარე, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% და ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, ჩვენ კვლავ ვახერხებთ ვიყოთ NATO-ს არაწევრი სახელმწიფოებიდან უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ავღანეთში. ჩვენი საერთო ძალა ინტენსიურ თანამშრომლობაში, პოტენციალში, შესაძლებლობებსა და განვითარებაშია. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურული, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას და შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისათვის”, -განაცხადა მარგველაშვილმა კონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველო სთავაზობს შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, საქართველო უზრუნველყოფს შავ ზღვაზე წვდომას ზღვაზე გასასვლელის არმქონე ევრაზიის კონტინენტის 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნისათვის. ქართული საზღვაო პორტები წარმოადგენენ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის ერთერთ არსებით დანიშნულების პუნქტს.

“ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები სთავაზობენ ფართო მომსახურებას უცხოურ და ადგილობრივ პარტნიორებს. ანაკლიის ღია ზღვის პორტის მშენებლობის პროექტი გაზრდის ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის დინების მოცულობას უახლოეს მომავალში; შესაბამისად, ის წვლილს შეიტანს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის შემდგომ განვითარებაში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კავკასიის რეგიონი არის საკვანძო რეგიონი, ახალი “აბრეშუმის გზის” განვითარებისათვის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”-სა და “ბაქო-თბილისი-ერზერუმ”-ის მილსადენები, TANAP-ის მილსადენი, TAP-ის მილსადენი, ტრანს-კასპიური მილსადენი, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონს უფრო უსაფრთხოს, მეტად დაცულსა და საიმედოს ხდის და ქმნის შესაძლებლობას, რათა თანამშრომლობისა და უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცედ ჩამოყალიბდეს.

“გარწმუნებთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ყოველი ჩვენგანისათვის ახალ შესაძლებლობებსა და ახალ პერსპექტივას ხსნის. ეს ხელშეკრულება განსაკუთრებული მნიშვენლობისაა საქართველოს ეკონომიკისათვის და უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდისათვის. ის წაახალისებს ბიზნეს და საქმიან კონტაქტებს და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და წაახალისებს ადგილობრივ ინვესტორებს”, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს, ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ხოლო მეორე მხრივ თურქეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. მეტიც, დღის წესრიგში დგას მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

“საქართველო ასევე მხარს უჭერს ახალ ინიციატივებს. “ლაპის ლაზული” მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც მივესალმებით. საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს მის განხორციელებაში, რაც მისცემს ახალ შესაძლებლობებს სატრანზიტო დერეფანს და მოიტანს მრავალმხრივ ეკონომიკურ სარგებელს რეგიონისათვის და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ასევე მივესალმებით პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის იდეას, რათა ჩატარდეს სურსათის უვნებლობის ფორუმი, რომელსაც გლობალური და ჰუმანიტარული მისია ექნება”- განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს მიზანია ამ ტრანს-რეგიონალური პროექტების შედეგად, ერთმანეთს დავაკავშიროთ ათეულობით ქვეყანა და ათობით მილიონი ხალხი ევროპასა და აზიაში და ამგვარად, გავხდეთ მათი კეთილდღეობის, განვითარებისა და ინტერესის მიზეზი.

“მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვს ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის მასპინძლობისათვის; მჯერა, რომ ეს ღონისძიება წვლილს შეიტანს ჩვენი ყველა ქვეყნის მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და შემდგომ განვითარებაში” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“გამოძიება დაწყებულია, სწრაფი ტემპით მიდის და რამდენიმე კვირაში მაინც ყველას ყველაფერი გვეცოდინება”
შემდეგი სტატიათურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად 11ადამიანი დაიღუპა