გიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელი, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, უაღრესად დინამიური და ნაყოფიერი იყო:

ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა; ვარშავაში, პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, გაიმართა NGC-ის შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში და მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე; თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო; გაიმართა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და წლის განმავლობაში მიღწეულ იქნა ხელშესახები პროგრესი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში.

გიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვეს ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და ზოგადად სტაბილურობას რეგიონში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს და ალიანსს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ნატოს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა იყოს დაცული”- სტოლტენბერგის განცხადება ,,რუსთვი 2″- ის საქმეზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხისა და მთავრობის მტკიცე ეროვნული არჩევანი