გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის საელჩოს მრჩეველს ლიუ ბოს სიგელი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, ლიუ ბოს, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მიესალმება, რომ ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია და, ამავდროულად, არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას, საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების რეკორდულად მოკლე დროში დასრულებაც ადასტურებს.

საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეხვედრაზე ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და ახალი აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობასაც დაეთმო.

ჩინეთის საელჩოს მრჩეველს, რომელსაც მისიის ვადა ამოეწურა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს თანამშრომლობის ახალ ფორმატთან დაკავშირებით მიმართავს
შემდეგი სტატია,,მე მზად ვარ სერიოზულ საქმეზე, სერიოზულ ხალხთან სერიოზული საუბრებისთვის”