გიორგი კვირიკაშვილი: ზოგიერთებმა ჩემი მოწოდებები, რომ ერთმანეთს აღარ დავუპირისპირდეთ, ბოლშევიკურად ჩათვალეს

თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა და ეს უწყება ყველასთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებსაც თავდაცვის ახალი მინისტრი, ლევან იზორია წარუდგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლევან იზორია არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, რომელიც, სამთავრობო და სამინისტროს გუნდთან ერთად, განაგრძობს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს და მოახდენს ყველას პროფესიონალიზმის კონსოლიდაციას, რათა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ეს იყო და დარჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენი მომავალი სამხედრო რეფორმირების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მაქსიმალურს გააკეთებს, რათა თავდაცვის უწყება პოლიტიზებული არ იყოს.

„ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს მაქსიმალურად შორს პოლიტიკური დაპირისპირებებისგან. საერთოდ, მგონია, რომ ქვეყანაში ეს დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. რატომღაც, ზოგიერთებმა ჩემი ასეთი მოწოდებები, რომ ერთმანეთს აღარ დავუპირისპირდეთ, ბოლშევიკურად ჩათვალეს, მაგრამ მგონია, ყველა თქვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. მე მინდა, ჩვენი ქვეყანა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, დამთავრდეს ქვეყნის პოლარიზაცია და მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და თავდაცვის უწყება არის ის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა. სწორედ ამ უწყებაში უნდა იყოს ის სული ყველაზე მეტად; ის უნდა იყოს ყველასთვის იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი ძალიან წარმატებით გაუძღვება ამ საქმეს, ერთი წამით ეჭვი არ მეპარება ამაში. რა თქმა უნდა, მას დაჭირდება ყველა ჩვენგანის დახმარება, გვერდში დგომა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმირებას მოვახდენთ. იმაში, რომ თავდაცვის სისტემას გაძლიერება და რეფორმირება სჭირდება, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“საკმარისად ბევრი განცხადებები გააკეთეს მოსამართლეებმა, დროა, დისკუსიებმა სასამართლო დარბაზში გადაინაცვლოს”
შემდეგი სტატიალევან იზორია: თავდაცვის ახალი მინისტრის უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება