გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მინისტრებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში. ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობაზე. მინისტრებმა ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.

როგორც “თაიმერს” საგარეო უწყებიდან აცნობეს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა ოფიციალური ანკარის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების მიმართ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგას გააცნო საქართველოს პროგრესი როგორც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე, ასევე ნატო–ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის და წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით.

აღინიშნა სამმხრივ ფორმატში (აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო) თანამშრომლობის მნიშვნელობა და ბოლო პერიოდში არსებული წარმატებული დინამიკა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში მოიწვია.

banner
წინა სტატიაშინოემბერში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ 436 234 ვიზიტი განხორციელდა
შემდეგი სტატიანატო საქართველოზე მნიშვნელოვან განცხადებას ამზადებს