გიორგი კვირიკაშვილი: სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიდი ალბათობით საპარლამენტო არჩევნებზე გუნდის ლიდერი თავად იქნება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, სრულ პასუხისმგებლობას აიღებს იმ ადამიანებზე, რომლებიც მისი გუნდის წევრები იქნებიან.

„დიდი ალბათობით ვიქნები იმ გუნდის ლიდერი, რომელიც გავა საპარლამენტო არჩევნებზე. სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები. არანაირი სიურპრიზები ამ მიმართულებით არ გველოდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთპიროვნულად დავაკომპლექტებ მთელ სიას. რა თქმა უნდა, მე ვიქნები ლიდერი ამ პროცესშიც, მაგრამ გუნდი იმუშავებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი თანამედროვე, მომავალზე ორიენტირებული პროფესიონალი მოვიყვანოთ ამ გუნდში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება გუნდური პროცესი, მაგრამ ამ გუნდის მუშაობის წარმატებებზე პასუხისმგებლობას სრულად მე ავიღებ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამას გარდა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საკუთარ შეცდომებს ყოველთვის აღიარებს.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ არის გარკვეული მიმართულებები, სადაც მტავრობას მეტის გაკეთება შეეძლო.

“მე არასოდეს არ გამჭირვებია, მეთქვა, თუ რაიმე ვერ გავაკეთე. რა თქმა უნდა, არის რაღაც მიმართულებები, სადაც შესაძლოა ითქვას, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ყველა ასეთ მიმართულებას საკუთარი წინაპირობა გააჩნდა და არგუმენტები იმისა, თუ რატომ გაკეთდა ან არ გაკეთდა. ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი რეგიონში მთლიანად. ეს იყო გამოწვეული უპირველეს ყოვლისა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიტ, შემდგომ უკვე სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით, ამ რეგიონში მთლიანად არის ძალიან მძაფრი და მძიმე გამოწვევები, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა და კარგია, რომ გვაქვს ღია ეკონომიკა. ჩვენ აღარ ვართ მძევლები ამა თუ იმ ინდუსტრიების, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში, რომ მთავრობა ხდება ამა თუ იმ ინდუსტრიის მძევალი, რომ ჩაუკეტოს ბაზარი და პროტექციონიზმის შედეგად მისცეს საშუალება, რომ განვითარდეს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მე პირადად, ეს შავი ჯიპები დასანახად მეზარება და არ მიყვარს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებ “რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას