გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ინტერესი.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო სთავაზობს საუდის არაბეთს, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას. მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ.

აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა გამოთქვა დაინტერესება, არაბული ბიზნესი საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამისთვის საქართველოში ყველა შესაძლებლობაა შექმნილი.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობიან განვითარებაზე.

მხარეებმა ყურადღება არაბეთის ყურეში მიმდინარე პროცესებსაც დაუთმეს. აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება დასტაბილურდეს და საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა
შემდეგი სტატიარევაზ არველაძე : ხალხი, რომელიც პლენარულ სხდომაზე აგვიანებს, კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს