გიორგი კვირიკაშვილი: სასწორზე ბევრად მეტი დევს, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებაა

ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ საქართველო სწორ გზაზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გამართულ სადილზე სიტყივთ გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„ვიმედოვნებ, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მყარად დგას ძლიერი დემოკრატიისა და კეთილდღეობის გზაზე. არჩევნები ამ დრომდე მიღწეული წარმატების გამოცდაც იქნება. წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს ისტორიაში პირველად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელი არჩევნები ისტორიაში შევა, როგორც ნების გამოხატვის პირველი თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეფორმებმა შედეგი უკვე გამოიღო და ეროვნულ დონეზე უკვე ორჯერ ჩატარდა არჩევნები – საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის, რომლებიც საერთაშორისო შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი იყო.

„მოქმედებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი სტრუქტურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთავრობა 100%-ითაა მოწოდებული, ეს მოლოდინი გაამართლოს. სასწორზე ბევრად მეტი დევს, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებაა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაცილებით უფრო ღირებულია. აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა შიშისა და ზეწოლის, ან ძალადობის გარეშე მიიღონ. არ უარვყოფ, რომ გასულ წლებში ეს ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო. თუმცა, ეს ასე არაა დღევანდელ საქართველოში – აქ ადგილი არ აქვს ძალადობრივ პოლიტიკას. ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო აღარ იყოს ის ადგილი, სადაც არჩევნების შედეგს წყვეტს ის, ვინც ხმებს ითვლის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპედრო აგრამუნტი: მხარს ვუჭერ გიგი წერეთელს, ჩემს ძველ და კარგ მეგობარს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა