გიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორმატად იქცა

ჩვენი უსაფრთხოების კონფერენცია იქცა მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორმატად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერმა საქართველოს მეგობრებს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის საჭირო ძალისხმევაზე ისაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა მეგობარს, რომელიც ამ დარბაზში იმყოფება, მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ, რომ გვერდში გვიდგახართ სახელმწიფოს აღმშენებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში. ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება და გზა გავუხსნათ მდგრად და სტაბილურ განვითარებას არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში.

მოგეხსენებათ, რამდენად რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენ ,,რბილ“ თუ ,,ხისტ“ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება. თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მარტო ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ, სამწუხაროდ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ მეტ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ, დღეს როგორც არასოდეს, ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი უსაფრთხოების კონფერენცია, იქცა მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორმატად, სადაც ასეთი მსჯელობა შეიძლება წარიმართოს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს- პრეზიდენტი
შემდეგი სტატია“საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი”