გიორგი კვირიკაშვილი: რეგიონებში მეტი ჟანგბადის, მეტი სისხლის მიწოდება და ერთნაირი პირობების შექმნაა საჭირო

საქართველოს აქვს რესურსი, რომ გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარეობის რაციონალური გააზრება, სივრცითი დაგეგმა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რუმსში“ ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის სივრცით მოწყობა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ქვეყნის სივრცითი მოწყობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მოწყობის ხედვა, რომელსაც ახლავს კონკრეტული გეგმა. საქართველოს 70 ათასი კვადრატული კილომეტრია, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. 3,72 მილიონი ადამიანი, ეს არის ტერიტორიითა და სიმჭიდროვით დაახლოებით ისეთი ქვეყნის მსგავსი, როგორიც არის ირლანდია, ლატვია ლიტვა და ხორვატია. ქვეყნის შიგნით სიმჭიდროვის მახასიათებლები ძალიან განსხვავებულია, მაგალითად თბილისში ერთ კვადრატულ კილომეტრზე ჩვენ გვაქვს 2207 მცხოვრები, ხევსურეთში ეს არის ერთი მცხოვრები, მთელ თუშეთში კი ზამთარში 30 ადამიანი რჩება და არანაირ სიმჭიდროვეზე საუბარი არ არის. ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. 60% წარმოადგენს უნიკალური შესაძლებლობების მთიან რეგიონებს, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ქალაქების ტერიტორიები არის გადატვირთული, ხოლო სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა კლებულობს.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არის მდიდარი ბუნებრივი პირობების და რესურსებით, ისტორიული წარსულით, კულტურული მემკიდრეობით, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ ბაზრებთან სიახლოვით და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნიჭიერი ადამიანებით. საქართველოს აქვს რესურსი, რომ გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარეობის რაციონალური გააზრება, სივრცითი დაგეგმა და განვითარება. რეგიონებში მეტი ჟანგბადის მეტი სისხლის მიწოდება და ერთნაირი პირობების შექმნა საჭირო მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. ამისთვის საჭიროა პირველ რიგში შევქმნათ პირობები, რათა ხალხი დაუბრუნდეს მთას, სოფლებს და იქ შექმნას მატერიალური დოვლათი, რომელიც ადგილობრივ პირობებზე იქნება მორგებული და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე ორიენტირებული. ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ისეთი სერვისები, როგორც არის ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის დასაქმებას, მშობლიურ რეგიონებში.

„ტურისტებს უნდა შეეძლოთ ჩასვლა ნებისმიერ რეგიონში და საქართველოს ყველა რეგიონი, ყველა რაიონი უნდა გადავაქციოთ ოთხ სეზონიან საკურორტო მიმართულებად. ამის მიღწევა შესაძლებელია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული გზით, ინსტრუმენტით, რომელსაც ქვეყნის სივრცითი მოწყობა ჰქვია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისიღნაღის პოლიციამ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო
შემდეგი სტატიაარჩევნების დღეს ეგზიტპოლს 4 ტელეკომპანია ჩაატარებს