გიორგი კვირიკაშვილი: პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გვერდით

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

„მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები გერმანიაში – ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს საუკუნეების განმავლობაში ძალიან მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერემციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები სრულიად სხვა მასშტაბს იღებს.

“ბიზნესფორუმი, რომელიც დღეს დილით ჩატარდა და 150-ზე მეტი გერმანული კომპანია დაესწრო, არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ჩვენს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება. დიდ მადლობას ვუხდი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, ქვეყანას, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ფასეულია გერმანიის მხარდაჭერა და თანამშრომლობა ასევე განათლების სფეროში და შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ქართველთა რაოდენობა, რომლებიც მრავალი წელია, გერმანული ინსტიტუტებისა და ფონდების ფინანსური მხარდაჭერით, სწავლობენ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან გერმანიაში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საუბარი პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც შეეხო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის, როგორც ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, შესაბამისად დღეს განათლების სამინისტროებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რაც ძალიან დაგვეხმარება ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში. ასევე, განსაკუთრებულ როლს ვანიჭებთ გერმანიასთან სხვა მიმართულებებით თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი გერმანული კომპანია ფუნქციონირებს და ვფიქრობთ, ეს ჯერ კიდევ არ არის ის პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებობს. უკვე არსებულ პირდაპირ ავიარეისებს სექტემბრიდან დაემატება პირდაპირი რეისი ბერლინში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტებს. მოხარული ვართ, რომ გასული წლის მანძილზე საქართველოს ეწვია 36 000 გერმანელი ვიზიტორი და ტურისტების რაოდენობა გერმანიიდან ყოველწლიურად იზრდება. საქართველო ტურისტულად ძალიან მომხიბვლელი ქვეყანაა და შარშან საქართველოს ჯამში 6 მილიონამდე ტურისტი ეწვია.“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართული მხარის სურვილია, მეტი ქართველი ტურისტი და ბიზნესმენი ეწვიოს გერმანიას, რისთვისაც გერმანიის კანცლერთან განხილული იყო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ამისთვის, ჩვენ 2013 წლის შემდეგ, ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, გავაძლიერეთ ჩვენი, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა ევროპამ თავი იგრძნოს დაცულად, მაშინ, როდესაც საუბარია უვიზო მიმოსვლაზე საქართველოდან. ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, გავაფორმეთ შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში, ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩემთან ერთად, ვიზიტში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს წელს უკვე მისი მეორე ვიზიტია. ასევე, საქართველოში მარტში იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს შესაბამის სამსახურებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობაზე, რომელმაც უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგები გამოიღო. მე მქონდა საუბარი ქალბატონ კანცლერთან ამ საკითხზე და აღვუთქვი, რომ ჩემი პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საუბარი ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო და გერმანია ერთად იღწვიან მშვიდობისა და სტაბილურობისათვის რეგიონში. „ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გვერდით სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ჩვენ მტკიცედ ვახორციელებთ ნატო-ში ინტეგრაციის ნაბიჯებს და ვისაუბრეთ ამ მიმართულებით ვარშავის სამიტის მნიშვნელობაზე. მსურს, გერმანულ მხარეს დიდი მადლობა გადავუხადო უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის. ჩვენთვის, ყველასთვის ევროპაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროპა იყოს ერთიანი, მთლიანი და იყოს მშვიდობა. ამისთვის აუცილებელია, აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს. ევროპული მომავალი ქართველი ერის ისტორიულ, გაცნობიერებულ და შეუქცევად არჩევანს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ამ გზაზე დღეს დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს, რაშიც მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მთავრობისგან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კანცლერთან შეხვედრისას რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე, საქართველო-რუსეთს შორის არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში გერმანია დიდ როლს თამაშობს, მათ შორის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა.

პრემიერმა გერმანიის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მათი მნიშვნელოვანი როლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ერთად ვემზადებით 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად და ამ მხრივ მრავალ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო ფედერაციული კანცლერი საქართველოში, რათ ჩვენთან ერთად აღნიშნოს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით გულთბილი მიღებისთვის და გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ის ფორმატები, რომლებიც დღეს გაგვაჩნია, კიდევ უფრო გაფართოვდება და სრულმასშტაბიან პარტნიორობად ჩამოყალიბდება“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს.

banner
წინა სტატიაშისინოპტიკოსები ხვალ წვიმას პროგნოზირებენ
შემდეგი სტატიატყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს