გიორგი კვირიკაშვილი: მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა

მე მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ძალიან ბევრ ევროპელ ექსპერტთან ჰქონდა, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ და არც ერთი საერთაშორისო კონვენციით ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

“არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ოჯახის დეფინიცია, რომელიც ხშირად იყო დამახინჯებული. უბრალოდ ვსაუბრობ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა უნდა შეეძლოს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს. ეს არის ჩვენი აზრი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული. რაშია განსხვავება მაშინ ჩვენს პოზიციასა და ზოგიერთი იმ ჯგუფების პოზიციასს შორის, რომლებიც ამ საკითხის ასე ვთქვათ, აჟიტირებას ახდენენ, აქტუალიზაციას. ვფიქრობ, დიდი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგნი ვართ. არცერთი საერთაშორისო კონვენციით ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება არ არის დისკრიმინაციული. ამაზე პასუხისმგებელი ვარ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გადატანა კონსტიტუციაში. თუ დისკრიმინაციულია, მაშინ რატომ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპაში სჭირდებათ ის საქართველო, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები, სწორედ ასეთი საქართველო სჭირდება ევროპას, ასეთი საქართველოა ღირებული ევროპისთვის. ჩვენ თვითონ ვართ ევროპა. ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ქვეყნის მეთაურმა განაცხადა, არაერთი ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაშია მსგავსი ჩანაწერი. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან ამ საკითხის მხარდაჭერაც იმით იყო განპირობებული, რომ იმ ამომრჩევლისთის, ვისთვისაც ძვირფასია ტრადიციული ფასეულობები, ეჩვენებინათ, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა.

“ჩვენ ამაში არ ვართ უნიკალურები. ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაში. მათ შორის, აშშ-შიც, არ არის ყველგან დაშვებული. ზოგ შტატში დაშვებულია, ზოგში არა. ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული, ვფიქრობ, საერთოდ ამ საკითხის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ გვეჩვენებინა, მათ შორის იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებისთვისაც ძვირფასია როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამავე დროს ძვირფასია ტრადიციული ფასეულობები, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ ძალიან აქტიურად მხარი ამ ინიციატივას. ჩვენ ვიცავთ უმცირესობების უფლებებს. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა სწორედ ამიტომ იქნა მიღებული საქართველოში, რომ ყველა უმცირესობის უფლებებს ვიცავთ. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის მხარდაჭერა გვაქვს კომბინაციაში ანტიდისკრიმინაცულ კანონმდებლობასთან. ეს ძალიან დიდი განმასხვავებელია. ჩვენ ვართ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მომხრე ისე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ საუკეთესო ტრადიციული ფასეულობები და არანაირი ზიანი ამას არ მიადგეს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ორი-სამი მინისტრი შეიცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე საქმეს ვერ ასრულებს
შემდეგი სტატიაISIS-ს მოსულიდან სირიისკენ გზა მოუჭრეს