გიორგი კვირიკაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ენერგია შემოვიდეს

ახალი იდეებისადმი გახსნილობა, არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და სწორი გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის საკრებულოში, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია იდეა, რომ საკრებულოების ახალგაზრდებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, დააფუძნონ პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, გაცვლიან იდეებს და ექნებათ ურთიერთობა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას ასეთი პლატფორმის შექმნა აუცილებლად წაადგება. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთად ყოფნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. სადაც არის ასეთი მოძრაობა და სადაც არის სიახლის შემოსვლა გაადვილებული, ასეთი სისტემა არის მხოლოდ და მხოლოდ გამართული. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენი საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა და ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს, ვინაიდან თქვენ ხართ სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თქვენ ხართ ის სიახლე, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს საქართველო”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი იდეებისადმი გახსნილობა, არის ქვეყნის გადარჩენა და სწორი გზა.

“ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას სწრაფ განვითარებას მოუტანს და მოსახლეობას მოუტანს კეთილდღეობას. მიხარია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართული ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც არის მაგალითად “სტარტაპ საქართველოს” სტარტაპ კომპანიების დაფინანსება. ჩვენ შარშან დავიწყეთ ეს პროექტი და ძალიან სასიხარულოა, რომ სამეწარმეო სულისკვეთება პირველ რიგში ახალგაზრდებმა აიტაცეს. ჩვენ დღეს გვყავს წარმატებული დამწყები ბიზნესმენები, რომლებმაც წარმატებული პროექტები დააფინანსეს ამ პროგრამის მეშვეობით. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ იყოს აქტიური, არასოდეს მოერიდოს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას, ვინაიდან სწორედ ამ გახსნილობაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების სწორი გასაღები. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა, მივესალმო საკრებულოს ინიციატივას. კარგია, რომ აქ ხდება დღეს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის, არ მინდა ვინმემ წყენად ჩამითვალოს, მაგრამ ნამდვილად არის ახალგაზრდობა, ჩვენი ქვეყნის იმედი, ხვალინდელი დღე. მიგულეთ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მეგობრებად, რომელთანაც შეგიძლიათ ღიად, გახსნილად, გულახდილად ისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მჯერა, რომ ახალგაზრდებთან ერთად შევძლებთ სირთულეების გადალახვას
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხუთი წლის შედეგები შეაჯამა