გიორგი კვირიკაშვილი : მმართველობის რეფორმა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოს დემოკრატიის განვითარების კუთხით

მოხარული ვარ, გაგაცნოთ სასიხარულო და მნიშვნელოვანი სიახლე – დასრულდა ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჯარო მმართველობის რეფორმას მოხმარდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას, პირადად ბატონ ელჩს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი დონორია, რომელიც უკვე მრავალი წელია, აქტიურად გვეხმარება ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში. მრავალი წარმატებული რეფორმა საქართველოში სწორედ ევროკავშირის თანადგომის შედეგია. მხოლოდ 2011 წლიდან დღემდე, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით, საქართველომ ევროკავშირისგან 450 მილიონზე მეტი ევრო მიიღო. ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვანი სფეროს რეფორმირებაში აქტიურად გვიჭერსმხარს, იქნება ეს საქართველოში მოქმედი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ჩვენი არასამთავრობო სექტორი. • დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ საჯარო მმართველობის სფეროში, უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებსსაქართველოში დემოკრატიის განვითარების, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით“,-აღნიშნა გიორგი კირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველობის რეფორმა არის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება, ამავე დროს, საჯარო მმართველობის რეფორმა არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება.

„საჯარო მმართველობის რეფორმა მიზნად ისახავს ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას, საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის მოდერნიზებასა და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების დანერგვას. ასევე, რეფორმის მიზანია, საჯარო ფინანსების მართვისა და ღია მმართველობის კუთხით, კიდევ უფრო მეტი წინსვლა და ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული, თანამედროვე სახელმწიფო სერვისების განვითარება. ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ უკვე შევძელით კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მიღწევა. შევიმუშავეთ ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც პარლამენტმა შარშან ოქტომბერში დაამტკიცა. ჩვენმამთავრობამ დაამტკიცა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია. ჩვენ ვმუშაობთშედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავებაზე, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, ელექტრონული მმართველობა და სხვა მიმართულებები. სწორედ ამ ამოცანების წარმატებით განხორციელებას მოხმარდება ზემოაღნიშნული ფინანსური დახმარება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანადგომით, ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ საჯარო მმართველობის რეფორმირების მიმართულებით დასახულ მიზნებს. მჯერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა საჯარო მმართველობის სფეროში კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მჭიდრო ურთიერთობებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად გააკეთა.

banner
წინა სტატიაშისამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო „ჯეო-ჰოსპიტალში“ პაციენტის გარდაცვალების საქმის შესწავლას იწყებს
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა ნონა ჯოჯუას განცხადებას არ ეთანხმება