გიორგი კვირიკაშვილი : ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე საუბარი პრემიერმა აღნიშნული თემით დაიწყო.

,,ბუნებრივია, მთავრობის სხდომას ვიწყებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით, რომელმაც სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, ასევე საზოგადოებისთვის, არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის.

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად. ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება, ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა, სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოითვალოს ეს რეაგირებები – პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტოა“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მანამ, ვიდრე რუსთაველზე აქციები იქნებოდა.

„ვინმემ რომ არ მიიწეროს, რადგან მაშინვე გაკეთდა განცხადებები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, შემდგომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შსს-მ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის, ასევე მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით.

„დაიკითხა უამრავი ადამიანი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ვფიქრობთ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ჩვენშიც არსებობს, უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის გადადგომა უპრეცედენტოა, მინდა მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე დღევანდელი სახელმწიფო