გიორგი კვირიკაშვილი: გვაქვს ახალი, ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობისთვის, თითოეული ადამიანი, მისი ტკივილი, მისი სიხარული ყველაზე მნიშვნელოვანია.

პარტიის თავმჯდომარემ რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.

“კობა გახლავთ აქაური კაცი. თქვენიანია, ყველაზე კარგად იცის თქვენი ტკივილი, სიხარული და ის იქნება თქვენი ყველაზე კარგი, ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში” , – ასე აფასებს გიორგი კვირიკაშვილი კობა ლურსმანაშვილს.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

“ჩვენ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც შევძელით ყველაზე მთავარი ეს იყო, რომ თავისუფლება მივეცით თითოეულ ადამიანს საქართველოში. მოვსპეთ შიში, ხელისუფლების შიში, რომელიც მუდმივად პრობლემა იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში. მაქსიმალურად მოვეფერეთ, რაც კი შევძელით ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებლებს იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ. სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამა. ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ გულში ჩავიხედოთ-მართლაც არის თუ არა ის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ადამიანს აღარ უწევს სახლის დაგირავება, სხვადასხვა სახით სესხის აღება იმისათვის, რომ საკუთარი თუ საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლე გადაარჩინოს. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის შორს ჯერ კიდევ იმისგან, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას მთავრობის მიერ განსახორციელებელ გეგმებზეც ესაუბრა.

“ახლა ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები. ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები იმისათვის, რომ ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად, ერთობლივი ბრძოლით გარდავქმნათ უკვე თითოეული თქვენთაგანის და თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობაში. ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ამის მიღწევისათვის ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.

ეს ეხება განათლების სისტემის რეფორმას, ძირეულ რეფორმას იმისათვის, რომ ახალგაზრდები სწავლობდნენ იმ პროფესიას, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა დამთავრებისთანავე მათ ქონდეთ სამუშაო ადგილი.

ეს ეხება პროფესიული განათლების პროგრამას, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თუ საშუალო ასაკის მქონე ადამიანებმა სწრაფი გადამზადება გაიარონ და დღეს მოთხოვნად პროფესიებზე დასაქმდნენ“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომ 4 წლის განმავლობაში 2020 წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულოთ ყველა სატრანზიტო მაგისტრალი და ძირითადი გზები, რომელიც რაიონულ ცენტრებთან თუ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებთან დააკავშირებს ერთმანეთს.

ეს არის ასევე მმართველობითი რეფორმა რომელიც მთავრობას გახდის უკვე მომსახურებაზე ორიენტირებულს, რომ მთავრობა აღარ იყოს ბიუროკრატია, როგორც ასეთი, არამედ ეს იყოს მომსახურების მიმწოდებელი მოქალაქეებზე, კომპანიებზე თუ ბიზნესმენებზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უკვე დავიწყეთ ჩვენ, პარლამენტმა უკვე მიიღო საწყისი პაკეტი კანონმდებლობის და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს ამას იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე, თითოეულ ოჯახში მივიდეს სიმშვიდე და თითოეულ ოჯახს ქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ არ იფიქროს ელემენტარულ რაღაცეებზე, როგორც სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არის დღეს.

ჩვენ გვინდა ის რომ სახლში მისულ ქართველ კაცს დახვდეს ოჯახი, დახვდეს შვილი, რომელიც ეტყვის რომ დედამ უყიდა ახალი ჩანთა, სამზარეულოდან გამოდიოდეს სასიამოვნო სურნელი სადილის, იყოს სიმშვიდე, ადამიანებმა აღარ იცხოვრონ და ისუნთქონ პოლიტიკით, აღარ უყურებდნენ იმას როგორ ჭამენ პოლიტიკოსები ერთმანეთს ყოველ საღამოს. იყოს ის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მომავლით, იცხოვრონ ხვალინდელი დღით, გაიხარონ ცხოვრებით და არ იყვნენ მთლიანად დაკავებული იმით თუ ვინ აჯობებს” , – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი ჟურნალისტის აფეთქების კადრები (ვიდეო)
შემდეგი სტატიამატვეი განაპოლსკიმ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო