გიორგი კვირიკაშვილი: გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები

გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება, რომ მოქალაქემ მიიღოს აუცილებელი სერვისები, აღარ იქნება დაბრკოლება, რომ კერძო ბიზნესმენმა საქმე აწარმოოს. საქართველოს ყველა წერტილში თანაბრად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა, რათა ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ხელმისაწვდომი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს» თავმჯდომარემ ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი წარუდგინა და მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმაზე, კერძოდ ქვეყნის სივრცითი მოწყობის შესახებ ესაუბრა.

“ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი რეფორმების განვითარების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება- ეს არის ქვეყნის სივრცითი მოწყობის, ანუ ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა. უნდა ვთქვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია ასეთი ამბიციური, ასეთი მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა, რომელიც დროის მოკლე პერიოდში, ანუ შემდეგი 4 წლის განმავლობაში გულსხმობს საქართველოს გადაქცევას თვისობრივად ახალ ქვეყნად. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება დაბრკოლება იმისა, რომ ყველა მომსახურება, მათ შორის სოფლებში, იყოს ისევე ხელმისაწვდომი, როგორც ეს არის დღეს ქალაქებში. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ცხოვრების დონე არის განსხვავებული ქალაქებში და სოფლად. სოფლად არის დიდი გაჭირვება და სწორედ ამ გეგმის მეშვეობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4 წლის განმავლობაში მოვახდენთ ნამდვილი ეკონომიკურ გარღვევას და მნიშვნელოვნად შეიცვლება სოფლად ცხოვრების დონე. სწორედ ეს არის ჩვენი მომავლის გეგმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებ”,-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისა და საერთო მიზნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი, საერთო მიზნების გარშემო, მთელი საზოგადოება, მათ შორის ისინი, რომლებიც დღეს სხვაგვარად ფიქრობენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ერთად დადგებიან და მთელი საქართველო ერთად, დღეიდან 4 წლის თავზე დავდებთ სერიოზულ შედეგს. ეს შედეგი იქნება -ახალი საქართველო საუკეთესო ტრადიციებით, ეროვნული ფასეულობებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, თანამედროვე განათლების სისტემით და მთავრობით,რომელიც იქნება თითოეული ადამიანის საჭიროებაზე ორიენტირებული”, – განაცხადა პრემიერმა

ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონს, ლანჩხუთელ გიორგი ჩოთაძეს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

“მინდა, მივესალმო ჩვენს ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონს გიორგი ჩოთაძეს, რომელმაც საქართველოს სახელი გაიტანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„ოცნება“ არჩევნების გაყალბებას „ნაციონალების“ მეთოდებით აპირებს“
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: ძალიან გამიხარდებოდა, თუ თსუ-ს გია შარვაშიძის მსგავსი რექტორი ეყოლებოდა