გიორგი კვირიკაშვილი: გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს

ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია. გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მოუთმენლად ელოდება ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც იხელმძღვანელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

გიორგი კვირიკაშვილი საუბრისას რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების საქართველოში განხორციელების პირველ ანგარიშს შეეხო, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში.

„კონკრეტული მიღწევები გვაქვს დემოკრატიის კონსოლიდაციის, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ამ მიმართულებით შემდგომი წარმატებისთვის. მზაობას გამოვხატავთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ ამბიციური ურთიერთობის შესაძლებლობები, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესებს თანაბრად ემსახურება. რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ ევროკავშირი ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დააწესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო აგრძელებს მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში და მზად არის თანამშრომლობა მეტად გაზარდოს, რათა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში გაწერილმა ხედვამ პრაქტიკული განხორციელება ჰპოვოს.

„დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის ჩართულობა სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში – ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო და აქტიური მედიაციის მექანიზმია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რაც მყარ გარანტიებს იძლევა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შედეგად წარმოქმნილი მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოებების მიმართებით“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და პირადად პრეზიდენტ ტუსკს საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოების ძალისხმევის განუხრელი მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გააგრძელოს მჭიდრო დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან”
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს