გიორგი კვირიკაშვილი: ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის საკითხზე შიდა გუნდური შეთანხმება უკვე არსებობს

მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით, რაზეც შიდა გუნდური შეთანხმება უკვე არსებობს და ამ საკითხსაც უახლოეს მომავალში დეტალებში წარმოვადგენთ, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამეტნში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბლოკის ერთ-ერთი მიმართულებაა „სტარტაპის ბიზნესის“ დაფინანსება.

„ამ მიმართულებით შევქმენით სპეციალური ინსტიტუტი და 50-ზე მეტი დამწყები ბიზნესი გვყავს უკვე დაფინანსებული ყოველგვარი გირაოს და უზრუნველყოფის გარეშე. ჩართული გვყავს უცხოელი ექსპერტები, რათა მიკერძოებულობის ნებისმიერი შანსი გამოირიცხოს და გამოყენებული იყოს საუკეთესო გამოცდილება ამ მიმართულებით”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერობის კანდიდატმა სამთავრობო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ორი ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტში ხელმისაწვდომი იქნება ის უახლესი ინფორმაცია და ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ყოფისთვის და დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ ქალაქებში.

„სივრცითი განვითარების, სივრცითი მოწყობის გეგმა გულისხმობს პოლიცენტრული ურბანული განვითარების კონცეფციას. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი ის მნიშვნელოვანი სერვისები, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოსალხეობისთვის. ეს გულისხმობს საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების, ახალი აეროპორტების მშენებლობას ქვეყნის შიგნით, ეს გულისხმობს ინტერნეტიზაციას, ირიგაციის, ელექტრიფიკაციის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას და ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ქვეყნის ორი ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტში იქნება ხელმისაწვდომი, უპირველეს ყოვლისა, უახლესი ინფორმაცია და ყველა ის სერვისი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ყოფისთვის და დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდ ქალაქებში”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება რესურსს, რომლითაც ეს ყველაფერი უნდ იყოს მიღწეული, მისივე თქმით, დროში გაწერილია გეგმა, რომელი პროექტი როდის უნდა დაიწყოს და რა პერიოდში, რა რესურსით უნდა შესრულდეს.

„უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულება, რა მიმართულებითაც, პარლამენტმა მიიღო რეინვესტირებულ მოგებაზე მოგების გადასახადის განულების ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი. ეს არის ესტონური მოდელი, გამოცდილება, რომელიც უკვე აპრობირებულია და ვფიქრობთ, 1-ლი იანვრიდან, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა, ქვეყანაში დამატებით რამდენიმე ასეული მილიონი ლარის საინვესტიციო რესურსი გაჩნდება, რომელიც მოხმარდება ადამიანების დასაქმებას და ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყებას”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საუბრისას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებს. მან ასევე საპენსიო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ჩაირთვება.

„2017 წლის განმავლობაში მომზადდება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზა, რომელიც აუცილებელია სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული ე.წ მეორე პილარის საპენსიო სისტემისთვის, რათა ჩვენი მომავალი პენსიონერებისთვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ცხოვრების სტანდარტები. ამავე დროს, როგორც მნიშვნელოვანი გადადინების ეფექტი, რომ ამ რეფორმას გააჩნია რამდენიმე ასეული მილიონი ლარის კუმულაციის ეფექტი ყოველწლიურად, რომელიც მოხმარდება ინვესტიციებს საფონდო ბაზრის რეფორმას, რაც მესამე ბლოკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველაფერ ამის შედეგად, ჩვენ მივიღებთ უპირველეს ყოვლისა სოლიდურ საფონდო ბაზარს ქვეყანაში და ადგილზე მნიშნელოვან ლიკვიდობას, რათა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მოხდეს გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე დღეს ეს ხდება. ჩვენ დასრულებული გვაქვს ამ მიმართულებით კანონმდებლობის და მარეგულირებელი ბაზის დიაგნოსტიკა აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით და ამ ნაბიჯების გადადგმას უახლოეს მომავალში დავიწყებთ”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი” ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით ვიცე-პრემიერის პოსტის შემოღებას ითხოვს
შემდეგი სტატიაბელგიაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი მდინარეში იპოვეს