გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენი მთავრობა მზად არის საქართველოში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის

ჩვენი მთავრობა მზად არის საქართველოში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის, ყველა აუცილებელი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ესტონური ბიზნესსექტორის წარმადგენლებს.

“ესტონური ბიზნესსექტორის ძვირფასო წარმომადგენლებო, ეს არის კარგი საფუძველი საქმიანობის დასაწყებად. 2015 წელს ესტონური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში ექვსჯერ, ხოლო 2016 წელს 52%-ით გაიზარდა. 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველო-ესტონეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა თითქმის 6%-ით. მართალია, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მოცულობა მცირეა, მაგრამ დინამიკა ნამდვილად იმედისმომცემია და არსებობს ზრდის საკმარისზე მეტი შესაძლებლობა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ფორუმი იქცევა განსაკუთრებულ პლატფორმად საქართველოში არსებული ახალი შესაძლებლობების შესასწავლად და ახალი ბიზნესინიციატივების წამოსაწყებად.

“ჩვენი მთავრობა მზად არის ჩვენს ქვეყანაში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის ყველა აუცილებელი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მე გულწრფელად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტრადიციული მეგობრობის გაღრმავებას და მტკიცე ეკონომიკური პარტნიორობის შექმნას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდის, რომელიც საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმს ესწრებოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და განვითარების დღის წესრიგის განუხრელი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტა
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას უარი თქვას კადიევის რუსეთში ექსტრადირებაზე