გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ვცდილობთ, დავწიოთ ტემპერატურა

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში გერმანიის აქტიური როლი ძალიან მნიშვნელოვანია,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს უკვე აქვს გამოკვეთილი პროგრესი ბოლო რამოდენიმე რაუნდზე, როდესაც შესაძლებელი გახდა გალის რეგიონში, აფხაზეთში ინციდენტების პრევენციისა და გადაწყვეტის მექანიზმის კვლავ ამუშავება.

კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის ეუთო-ს პრეზიდენტობის პერიოდში ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესი მოხდება.

„ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ნდობის აღდგენის პოლიტიკა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივყვებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება და ერის გამთლიანება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს აფხაზ და ოს დებთან ნდობის აღდგენა და ამ მიმართულებით ვახორციელებთ მიზანმიმართულ პოლიტიკას“,- აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.

ჟურნალსიტის კითხვაზე, რისკავს თუ არა საქართველო რუსეთთან ურთერთობებში ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრით, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მუდმივად ცდილობს, რუსეთთან მტრული რიტორიკა აიცილოს.

„2012 წლიდან ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი იმ კუთხით, რომ გავხდით მაქსიმალურად კონსტრუქციულები. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ არსებობს კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართულებებით, თუმცა ვცდილობთ, რომ ხალხთა შორის ურთიერთობა აღვადგინოთ. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ვაჭრობა გარკვეული მოცულობით, გვაქვს ტურისტული ურთიერთობები, ვცდილობთბ მოვახდინოთ კომუნიკაცია, რომ საქართველოს გაწევრიანება ამა თუ იმ ბლოკში არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, საქართველო არ იქნება უფრო მეტად მტრული, ვიდრე შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ვითარებაში. ჩვენ გვაქვს ტრიტორიული პრობლემები, გვაქვს ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მიდგომა არის მაქსიმალურად კონსტრუქციული, დავწიოთ ტემპერატურა ამ კონფლიქტში და ვისაუბროთ მშვიდობიანად კონფლიქტის გადაწყვეტაზე“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინატომ რუსულ სწავლებებზე შეშფოთება გამოთქვა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა