გიორგი კვირიკაშვილი: აუცილებლად შემოვიღებთ ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას

ვფიქრობ, რომ ჰაერის დაბინძურების კუთხით მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, – ასე გამოემხაურა გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო მიღებული ტექდათვალიერების მთლიანად გაუქმების შესახებ, იყო აბსოლუტურად არასწორი.

მისივე თქმით, ახლო მომავალში მთავრობა ტექნიკური დათვალიერების სწორ სისტემას შემოიღებს.

„იმის მაგივრად, რომ დაგვეხვეწა არსებული რეგულაციები და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, ის მახინჯი ფორმა, რომელიც მართლაც არსებობდა წარსულში, საერთოდ გავაუქმეთ ტექდათვალიერება. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ავტომანქანების ტექდათვალიერება, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, გამოვრიცხოთ კორუპცია ამ სისტემაში და, რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენთან ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ავადდებიან ჩვენი ბავშვები და ვერავითარ შემთხევევაში ჩვენ ვერ შევწირავთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველომ ნაკლები რეგულაციებით იამაყოს. აქ არის სწორი ბალანსი დასაცავი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის. ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ სწორ სისტემას ტექნიკური დათვალიერების, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, კორუფციისგან თავისუფალი სისტემა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის მიხედვით“ -განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება.

banner
წინა სტატიაში“საკონტრაქტო პირობებზე შეიარაღებული ძალების გადასვლის ინიციატივა ირაკლი ალასანიას მხრიდან გაჟღერდა”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: არანორმალურია, როდესაც ადამიანები სუნთქავენ და იკვებებიან პოლიტიკით