გიორგი კვირიკაშვილი: არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხისა და მთავრობის მტკიცე ეროვნული არჩევანი

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ერთობლივი სამხედრო ძალის შექმნის შესახებ რუსეთსა და სოხუმის რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იყო კიდევ ერთი ნატო-ს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება.

„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესისადმი პირადად თქვენი ძლიერი მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება. ეს ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ შეხვდე ჩვენს უახლოეს მეგობრებს და პარტნიორებს ევროკავშირსა და ნატო-ში. საქართველოს მოქალაქეებმა მოგვცეს მანდატი, განვახორციელოთ რეფორმები და პოლიტიკა, რომლებსაც ვახორციელებდით წლების განმავლობაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხისა და მთავრობის მტკიცე ეროვნული არჩევანი და საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ მოლოდინების დაკმაყოფილება.

„გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სამომავლო გზა, ასევე ვარშავის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების განხორციელება. ვარშავაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ამ ინსტრუმენტის სრულ გამოყენებას ნატო-ს წევრობასთან დასაახლოებლად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ერთგულები რჩება ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების.

„ჩვენ ვაფასებთ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების დახმარებას. ამ ჩართულობის საშუალებით, ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელებაში. გენერალურ მდივანთან ვთანხმდებით, რომ საქართველო და ალიანსი გააგრძელებს ყველა საჭირო რესურსები მობილიზებას ყოვლისმომცველი პაკეტისთვის და ვარშავაში შეთანხმებული პრაქტიკული თანამშრომლობის სხვა პრაქტიკული გზებისთვის. ყველა ეს ინიციატივა ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის გაძლიერებაში და გვეხმარება წევრობისთვის მომზადებაში. ასევე განვიხილეთ ჩვენს წინაშე არსებული რეგიონული გამოწვევები უსაფრთხოების სფეროში. ყველა ვთანხმდებით, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. საქართველო მიესალმება ნატო-ს ინიციატივას შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და ასევე ექნება პოზიტიური ეფექტი რეგიონისთვის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა, მზად არის წვლილი შეიტანოს ალიანსის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა გააგრძელებს კონტრიბუციას ავღანეთში ნატო-ს მისიაში. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება და ერთობლივი სამხედრო ძალის შექმნის შესახებ რუსეთსა და სოხუმის რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხი. ეს უკანონო ქმედება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს. მადლობლები ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისამდი ნატო-ს ურყევი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს
შემდეგი სტატიანატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში 2017 წლის დასაწყისში ჩამოვა