გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა.

როგორც ,,თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე.

პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი გარემოა შექმნილი, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებიც ადასტურებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, ასევე, სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური ვითარება იძლევა იმის ყველანაირ პირობას, რომ გერმანულმა ბიზნესწრეებმა უფრო აქტიურად განიხილონ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად, რაც მეტ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისთვის.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით ქვეყნის როლზე რეგიონში, ასევე – საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის მტკიცე დახმარების მისიაში.

აღინიშნა, რომ გერმანია მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი სამხედროების როლს აღნიშნულ მისიაში.

შეხვედრისას განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა.

ხაზი გაესვა საქართველოს ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და აქტიური შერიგების პოლიტიკისკენ. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

ცნობისთვის, ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში შედგა. ქართული მხარიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში,, ჩემი შვილი ციხიდან სისტემატურად მიგზავნიდა ფულს, რამაც 100 ათასი დოლარი შეადგინა, მან მითხრა, რომ ამ ფულს დათა ახალაია აძლევდა”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს