გიორგი კვირიკაშვილი : ADB მომავალ საქმიანობაში აქცენტს იღებს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკს და მის ადგილობრივ ოფისს კარგი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვიზიტი შედგა გუშინ.

“გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი და მინდა, აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. აზიის განვითარების ბანკი თავის მომავალ საქმიანობაში აქცენტს იღებს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე. ამ შემთხვევაში, რეგიონში იგულისხმება ჩვენი ქვეყნის სამეზობლო ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზიის სხვა რეგიონები და სპარსეთის ყურის ქვეყნები. უმნიშვნელოვანესია, რომ აქცენტი გაკეთდება თითოეული დახარჯული დოლარის, თუ ევროს ეფექტზე კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ანუ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება კერძო სექტორის განვითარებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების განვითარებაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აგრეთვე, ჩვენს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ეხება მდგრადი განვითარების მიზნებს, გაერო-ს მიერ დამტკიცებული მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტ თანამშრომლობასა და უფრო სუფთა გარემოს, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მისასალმებელია ჩვენი მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის ადგილობრივ ოფისს ძალიან კარგი თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: „სულ ეგაა შენი მდიდარი ბიოგრაფია, ახლადგამოჩეკილო ბლოგერო, შარდიაშვილო ვანო,“
შემდეგი სტატიაბიძინა გეგიძე : უმრავლესობის სხდომის გადადების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, ეს ერთადერთი სწორი, ადეკვატური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა