გიორგი გოცირიძე: პატრიარქის მოთხოვნა ეწინააღმდეგება სეკულარიზმის იდეას

saprtსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე “წარმოუდგენელს და აბსურდულს” უწოდებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოთხოვნას, რომ, პრეზიდენტის გარდა, მასაც ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება.

“ეს წარმოუდგენელი, აბსურდული მოთხოვნაა. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება. ზოგადად, იდეაც კი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის სულისკვეთებას, სეკულარული სახელმწიფოს იდეას, სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს ეწინააღმდეგება”, – აცხადებს გოცირიძე.

მისი თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, შეწყალების უფლება – ეს არის ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის უფლება, რომ კონკრეტულად ადამიანი გაათავისუფლოს, ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაკისრებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

“ეს არის მაღალი სახალხო ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირის კომპეტენცია და ძირითად შემთხვევაში, ეს არის ხოლმე პრეზიდენტი, სხვა შემთხვევაში, მაგალითად, აშშ-ში ეს უფლება აქვთ ხალხის მიერ არჩეულ გუბერნატორებს”, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მისი თქმით, მსგავსი უფლების მინიჭება პატრიარქისთვის, კონსტიტუციონალიზმის, დემოკრატიული მოწყობის და ასევე სეკულარიზმის იდეას ეწინააღმდეგება.

“რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილება, მაგრამ არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებებით გაჩნდეს ასეთი მოთხოვნა და კონსტიტუციაში რაიმე სახის ცვლილება მოხდეს ამის გამო.”

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი”, – განაცხადა ილია მეორემ დღეს რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების შეწყალების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. იმისთვის, რომ ილია მეორე მიენიჭოს ანალოგიური უფლება, აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება.

banner
წინა სტატიაში“ბათუმის მერიამ რუსულ კომპანია Gazprom-თან ხელშეკრულება გააფორმა” (ფოტოები)
შემდეგი სტატიაკონსტიტუციის თანახმად, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა კონსტიტუციის თანახმად, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა