გიორგი გახარია – თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება და სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად ვიყენებთ

თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს თმენის ვალდებულება, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების და მხარდამჭერების, ასევე ოპონენტების მიმართ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ნიკა მელიას განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

გახარიას შეფასებით, ფრაქციის სხდომაზე დებატები უფრო ემოციური იყო, ვიდრე მწვავე.

„დებატებს მწვავეს ვერ დავარქმევ, იყო უფრო ემოციური, ზედმეტად ემოციური, ხშირ შემთხვევაში, ძალზედ ანგაჟირებული. თუმცა ეს საჯარო პოლიტიკაა და თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს თმენის ვალდებულება, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების და მხარდამჭერების და, რა თქმა უნდა, ოპონენტების მიმართ. სადაც შესაძლებელია, ამ თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ“, – განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს რუსთაველის გამზირზე მისი დაკავების ფოტომასალა წარუდგინა და აღნიშნა, რომ მას უხეშად ექცეოდნენ და არც ერთმა პოლიციელმა ამის გამო პასუხი არ აგო. როგორც გიორგი გახარიამ ამის პასუხად განაცხადა, მელია უხეშად არღვევდა წესრიგს და პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა. „თქვენ დღეს აქ ხართ და არ ხართ დაკავებული. თქვენ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ”, – განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.

banner
წინა სტატიაშიალადაშვილის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაკანონის გარდა, არსებობს მორალი – რომან გოცირიძე დროებითი მთავრობის ინიციატივას ეხმაურება