გიორგი გახარია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხს შეეხო

 

„დღეს არსებული კანონი გარკვეულ ნაწილში არის რეპრესიული. ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია. ავხსნი რას ვგულისხმობ – დღეის მდგომარეობით გვაქვს რამდენიმე ახალი მდგენელი. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ახალ სტატუს-კვოს ქმნიან,  ეს ერთი. მეორე – რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით კანონის შეცვლის ინიციატორებს იმაში, რაც შეეხება ნარკომომხმარებლის შემოწმების ან ნარკოდანაშაულისთვის სასჯელისას უფრო ჰუმანურობას. რა თქმა უნდა, აქ შესაძლებლობები არსებობს. ერთმანეთთან უფრო ახლოს უნდა მივიდეთ და აქ პროგრესი გვჭირდება. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე შეკითხვა ,  ერთმანეთთან კომუნიკაციით საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. აქ საუბარია იმაზე, რომ მივიღოთ სწრაფი  თუ  გააზრებული გადაწყვეტილებები, გამოვიკვლიოთ თუ არა საზოგადოებრივი აზრი. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ვაპირებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ამ ნაწილში, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა  გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.

რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებიც გვეთანხმებიან იმაში, რომ ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიც არის ნარკოტრაფიკი და სხვა მასთან დაკავშირებული დანაშაული (გავრცელება),  ის დანაშაულებია, რომელთანაც უნდა იყოს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი მკაცრი ბრძოლა, განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკების ნაწილში.

მაგრამ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე შეკითხვა: მაგალითად, სად გადის ზღვარი მძიმე ნარკოტიკების  მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის. როგორ შეგვიძლია დღეს ჩვენ ვიმსჯელოთ ამის გამიჯვნაზე. არის თუ არა ეკონომიკურად ჩვენი საზოგადოება დღეს მზად იმისთვის, რომ მსგავსი რადიკალური ცვლილებები მიიღოს. ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ და აბსოლუტურად ღია ვართ ამ ნაწილში. თუ რაღაცა შეფერხება იყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული აქტიური ქმედებების გამო, რომელიც ბოლო ერთ თვის განმავლობაში ჩვენ გავატარეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ერთი რამ – ყველანაირი ცვლილება, საკანონმდებლო, შინაარსობრივი რეფორმა, რაც ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც შემდგომ უნდა აღასრულოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობის გარეშე, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია.  ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერის, პირველ რიგში, იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რადგან სხვანაირად ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ხარისხობრივად ახალი შედეგის დადგომას ჩვენ ვერ შევძლებთ და გაგვიჭირდება,“- ამის შესახებ შს მინისტრმა “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია პოლიციასა და საზოგადოებაზე
შემდეგი სტატიასამინისტროს საკვანძო ფუნქცია  ე.წ. ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა გახლავთ