გიორგი აბაშიშვილი “წინანდლის პრემიის” ნომინანტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სასახლეში “წინანდლის პრემიის” ნომინანტებს და „ზურაბ ჟვანიას ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “წინანდლის პრემია” საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელშეწყობით 2014 წელს აღდგა და მას შემდეგ, ყოველწლიური კონკურსი, რომელიც 1999 წელს ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა და მიზნად ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა წახალისებას ისახავს, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკურსის არსებობა, რათა ახალგაზრდებს მიეცეთ განვითარების მეტი სტიმული და საშუალება საკუთარი ნიჭი სხვადასხვა მიმართულებით გამოაჩინონ.

უკვე მესამე წელია საქართველოს პრეზიდენტი ეხმარება ახალგაზრდა შემოქმედებს, ხელოვანებსა და მეცნიერებს.

უკვე 16 ახალგაზრდა დავაჯილდოვეთ და წელსაც 8 გამარჯვებული შეემატება მათ რიგებს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ნინო ჟვანიამ, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა, მადლობა გადაუხადა გიორგი აბაშიშვილს „ზურაბ ჟვანიას ფონდის“ დახმარებისათვის და “წინანდლის პრემიის” მხარდაჭერისათვის.

“წინანდლის პრემია” გადაეცემა 18-30 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, თეატრალურ ხელოვნებაში, კინოხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, სახვით ხელოვნებაში, ფოტოგრაფიაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს აკადემიაში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატია“ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე” – სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე