გიორგი აბაშიშვილი : ამ ეტაპზე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკი არ არსებობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკი არ არსებობს.

როგორც აბაშიშვილმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში განაცხადა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ვიზალიბერალიზაცია ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

„ყოველთვის, როდესაც ევროპაში ინფორმაცია ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების შესახებ, კრიმინალთან დაკავშირებული და ა.შ, ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ ინფორმაციის წარმომავლობის წყაროს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მათ შორის ეს ყოველთვის ყველა ინფორმაციას არ ეხება, რომ საქართველოს რუსეთის სახით დიდი პროპაგანდისტული მტერი ჰყავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ალბათ, საქართველოს შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიამოვნებით ეცდება, მათ შორის ვიზალიბერალიაციის პროცესში, რომლითაც ჩვენი მეზობელი ბედნიერი სულაც არ არის. ეს ფაქტორი არსებობს, ამ ფაქტორის იგნორირება უბრალოდ არ შეიძლება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელია და დიდი სიფრთხილეა საჭირო.

„ჩვენ ორ ფაქტორს ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ყველა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება, მონაპოვართან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა. რეალურად რომ ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია გვაძლევს, საჭიროა, უფრო ფრთხილად ვიყოთ. ჩვენს გარშემომყოფებს ბევრი უნდა ვესაუბროთ იმ სიკეთეებსა და საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, სიფრთხილის არ არსებობის შემთხვევაში ჩვენს წინაშე დადგეს. ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელია“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლე დადის ჭორაობის დონეზე…წარმომიდგენია როგორი სტანდარტით ასამართლებს ის ადამიანებს”- დოლიძე
შემდეგი სტატიასასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო