გიგა ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ინტერესები მუდმივად სტრატეგიული პარტნიორის ყურადღების ქვეშ იყოს

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

შეერთებული შტატების დედაქალაქში დღესვე ვიზიტი დაიწყო საპარლამენტო ოპოზიციამ. დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი და ირმა ნადირაშვილი დღეს შეხვედრებს მართავდნენ სენატსა და კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში. დღეს ისინი სენატორებს კოტონს და მაკკეინს შეხვდნენ.

მთავარი განსახილველი თემები ნატოსთან ურთიერთობა და ამერიკის როგორც სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში საქართველოს ინტერესების შენარჩუნებაა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იყოს, რაც შეიძლება მაღლა. ჩვენი განხილვის საგანი იქნება, რა თქმა უნდა უსაფრთხოების თემები და ის გამოწვევები, რაც აქვს საქართველოს მთელ რეგიონს. საქართველოს შიგნით განვითარებული მოვლენები, რომლებიც, პრინციპში, ერთ საერთო კომპლექსურ სურათს ქმნის. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მუდმივად ყურადღების ქვეშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის. ამ თვალსაზრისით ის ჩავარდნა, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, რაღაცნაირად ნაწილობრივ იქნეს დაკომპენსირებული. სრულად დაკომპენსირება ვერ მოხდება, სანამ ეს მთავრობა დემოკრატიული წესით არ შეიცვლება.

ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და მომავლისთვის ის, რასაც აკეთებს ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმი, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს და ასე თვლის ყველა ის, ვინც საქართველოოს მხარდამჭერია, მათ შორის ამ ქალაქშიც“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მისმა თანაპარტიელმა დავით ბაქრაძემ კი ვიზალიბერალიზაციასა და ნატოში გაწევრიანებაზე ისაუბრა.

„უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, ჩვენ პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ დეკემბრის ბოლოს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. და თუ საქართველოს მთავრობამ არ გააკეთა რაიმე ისეთ, რის გაკეთებასაც ის ცდილობდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით წინა თვეებში, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და უკვე გაზაფხულიდან ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ ვიზა ლიბერალიზაციით.

შეერთებულ შტატებში ჩვენი მთავარი თემა გახლავთ ნატო, ვინაიდან ის ნატოს ერთერთი ლიდერი სახელმწიფოა და ამიტომ ჩვენ მომავალ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, ნატოში გაწევრიანებაში შეერთებულ შტატებს აქვს გადამწყვეტი როლი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ნ.პაქსაძის მიმართ დისკრეციულ უფლებას იყენებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, თბილისის მერიამ ბევრი რეფორმა განახორციელა