გია ვოლსკი : პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ

პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან დიალოგის რესურსი არც ახლაა და არც მანამდე არსებობდა.

“ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემოთავაზებაში რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით, რომელიც პრეზიდენტს ამ შემთხვევაში უნდა ეკისრებოდეს”, – აცხადებს ვოლსკი.

მისი თქმით, არსებობს საკითხები, რაზეც თავიდანვე ნათელი იყო, რომ შეთანხმება ვერ მოხდებოდა, ეს არის მიწის, ქორწინებისა და საარჩევნო სისტემის საკითხი.

“წახვიდე იმაზე, რასაც მოგვიწოდებენ პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა მცირე პარტიები, სატელიტები მათ გარშემო – ნიშნავს რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სახელმწიფო უსაფრთხოება, ანუ ვერ შევქმნათ მთავრობა. პრეზიდენტი ამ სიტყვა დიალოგს სპეკულატიურად იყენებს, თითქოს კონსტრუქციული წინადადების ჩამოსაყალიბებლად და სხვა არაფერი. მისი ქმედებები მიმართული იმისკენ, რომ დაიძაბოს სიტუაცია და შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოში”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დეპუტატი სახალხო დამცველის განცხადებასაც გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ განხილვა ფორსირებულად არ მიმდინარეობს და პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო.

“უმრავლესობაში გაერთიანებულია პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტი ისტორიული, პოლიტიკური ინტელექტის მატარებლები არიან და საკმაოდ კრიტიკულებიც იყვნენ ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით, აქ მივაღწიეთ კონსენსუს, შეთანხმებას და ეს არ ნიშნავს ერთპარტიულ ყრილობას, როგორც ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებში იკვეთება”, – აცხადებს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეს ავტომანქანის სალონიდან 60 000 აშშ დოლარი გასტაცეს – ძარცვა ტაბიძეზე
შემდეგი სტატიადავით როსტომაშვილზე თავდასხმა – შსს განცხადებას ავრცელებს