გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება მიხეილ სააკაშვილის სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა და მიხეილ სააკაშვილის რეზოლუციური სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო.

„დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათ მხარდამჭერები რადიკალურად შეიცვლიან პოზიციას ან გამოხატავენ ძალიან მკაფიო პოზიციას ამ სცენართან დაკავშირებით. ამ სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო გივი თარგამაძის აფეთქებაც და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში. სცენარში ვგულისხმობ იმას, რასაც ღიად და შემდეგ უკვე ფარული ჩანაწერებით საუბრობენ სააკაშვილი და მისი მოკავშირეები, თუ თანაგუნდელები – დამხობა, არეულობა, კრიზისის შექმნა,მკვლელობების გახშირება. 100-ეულობით მკვლელობა მოხდება, ასე ამბობდა სააკაშვილი „ფორბსთან“ ინტერვიუში, რომელიც მრავალგზის იყო ტირაჟირებული „რუსთავი 2“-ის მიერ – ჩამოიშლება ბიუჯეტი, დაინგრევა ეკონომიკა, ჩვენ ამ დროით უნდა ვისარგებლოთ და დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. შემდეგ იყო ჩანაწერები იგივე გვარამიასთან, ბოკერიასთან“,-აღნიშნა ვოლსიკმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ეს არის დაპირისპირების, კრიზისის შექმნის სცენარი და ამ სცენარის ნაწილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება, საარჩევნო კოდექსის დიდი ნაწილი აღიარებული ყოფილიყო არაკონსტიტუციურად, შექმნილიყო პოლიტიკური კრიზისი.

„შეიძლება, ჩიორა თაქთაქიშვილს და გიორგი კანდელაკს წარმოდგენა არ ჰქონდათ, შეიძლება გივი თარგამაძესაც. როდესაც ასეთი რამ იგეგმება. არ არის აუცილებელი, რომ პოლიტიკური თანაგუნდელები მონაწილეობდნენ ამაში. როდესაც ასეთი დონის დაპირისპირებები იგეგმება საქართველოში, რაზეც სააკაშვილი ღიად საუბრობდა და არაერთხელ, ეს ცოტა სხვანაირად ხდება. იმედი მაქვს, ჩემზე უფრო კომპეტენტური ორგანოები მიიყვანენ გამოძიებას ბოლომდე და გააკეთებენ უფრო მკაფიო განცხადებას“,-განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, გივი თარგამაძის მანქანა, სააკაშვილმა ააფეთქა, გია ვოლსკი პასუხობს:

„მე მოგიყევით სიტუაცია, რა და როგორ უნდა მოხდეს. მე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც სააკაშვილმა ჩაიფიქრა. მე ვფიქრობ, რომ არსებობს ამ ქაოსიდან, ამ არეულობიდან დივიდენდის მიმღები, დაინტერესბული უამრავი მხარე. ეს ქაოსო, დაპირისპირების დაგეგმვა, სცენარი, სააკაშვილმა შექმნა და არ გამოვრიცხავ, ეს თემაც, ეს აფეთქებაც იყოს ამ სცენარის ნაწილი. როცა შენ შექმნი ამ მდგომარეობას ან ცდილობ რომ შექმნა ,ნებისმიერი თემა შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია. სააკაშვილი ამ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგია. მე დასკვნებს არ ვაკეთებ, მე აღვწერ სიტუაციას, რაშია საქმე და ამ ყველაფერს რა შედეგი შეიძლება მოყვეს“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიBBC: პუტინი – აშშ საერთაშორისო ნორმებს არღვევს, მაგრამ ჩვენ კონფრონტაცია არ გვინდა
შემდეგი სტატიასოხუმში საკოლმეურნეო ბაზარი გაქურდეს