გია ვოლსკი : არ ვფიქრობ, რომ NDI-ს კვლევაში მთელ რიგ საკითხებზე კითხვები სწორად დაისვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობასთან დაკავშირებით პრობლემა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი NDI-ს პოლიტიკური კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს NDI-ს პოლიტიკური კვლევები არ არის, ხოლო იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც კვლევებს ატარებს, სკეპტიციზმი 2012 წლიდან არსებობს.

„რა საკვირველია, სახელისუფლებო სტრუქტურებში სოციალურ საკითხებში პრობლემები სიღრმისეულად არის გაანალიზებული და საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულებაც გასაგებია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მთელ რიგ საკითხებზე საზოგადოებას კითხვები სწორად დაუსვეს. ჩვენ კვლევები გვაქვს, რომლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“, სხვა პარტიებთან შედარებით, სერიოზული უპირატესობა აქვს, თუმცა კმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. ხვალ რომ არჩევნები იყოს, გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განვითარებაზე არ უნდა ვიზრუნოთ. გამოკითხულთა 31 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნებაა“. ჩვენი მონაცემებით, ასეთი ცოტა მეტია, მაგრამ ამ კვლევებს საფუძვლად იმისთვის არ ავიღებდი, რომ პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობა შევაფასოთ საქართველოში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას საკუთარი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის დახმარება არასდროს დასჭირვებია და სწორედ ამითაა განპირობებული, რომ მას არ იცნობენ.

„რაც შეეხება მაჟორიტარებს, მათ ცნობადობასთან დაკავშირებით პრობლემა მთელ მსოფლიოშია და არა მხოლოდ საქართველოში. მაჟორიტარების ცნობადობა განპირობებულია იმით, რომ უსმენენ და შეხვედრები აქვთ. ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას არასოდეს დასჭირვებია მაჟორიტარი დეპუტატი და თუკი არ იცის, ამის გაგება საკმაოდ ადვილია. რაც შეეხება შეხვედრების შესაძლებლობას, როგორც მაჟორიტარი, მოგახსენებთ, რომ ჩემს ამომრჩევლებს ისე ხშირად ვერ ვხვდები, როგორც ამას ვისურვებდი. მიზეზი სხვადასხვაა. გარკვეული ამოცანები, დავალებებია და საკანონმდებლო საქმიანობა საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. ამომრჩეველს ორ კვირაში ერთხელ, რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ვხვდები. თუ ჩემს რაიონში ვინმე არ მიცნობს, ეს იმით არის განპირობებული, რომ არასოდეს დაინტერესებულა, ურთიერთობა ჰქონოდა. მგონი, ჩემს საარჩევნო ოლქში მიცნობენ. ხშირი შეხვედრები მაქვს. თუ ვინმე არ მიცნობს და საქმე აქვს მაჟორიტარ დეპუტატთან ან პარლამენტთან, შეუძლია, ეს ძალიან ადვილად დააზუსტოს. ყველა მაჟორიტარმა უნდა იფიქროს, რომ ხშირი შეხვედრებია საჭირო და ამას NDI-ს კვლევები არ სჭირდება. პარლამენტის ტრიბუნა არ არის მაინც და მაინც ის ადგილი, სადაც პრობლემების გზებზე უნდა ისაუბრო. სტრუქტურებთან და სამოქალაქო სექტორთან ინტენსიურ კავშირში უნდა იყო. NDI-ს კვლევები არ სჭირდება იმას, რომ ჩვენი მუშაობის დღის წესრიგს და გრაფიკს გადავხედოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში,,სამსონ ქუთათელაძეს გარკვეული პირები სთხოვდნენ თანხას” – ჭანტურიას ადვოკატი
შემდეგი სტატიაარასამთავრობოთა ნაწილი მიხეილ ჯანელიძეს ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართვის თხოვნით მიმართავს