ღირსეული პატივით მიწას მივაბარებთ ახალგაზრდა ვაჟკაცს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა

მიწას მივაბარებთ ღირსეული პატივით ახალგაზრდა ვაჟკაცს, რომელიც სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა, – ეს განცხადება, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.
ტატუნაშვილის ოჯახს დღეს მთავრობის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. მინისტრები წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
“დღეს ყველანი უნდა ვიყოთ პირველ რიგში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდში. ამის შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება, იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე და მეორე მხრივ, ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მსგავსი ფაქტების და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღევევის პრევენცია მოხდეს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენდა სამწუხაროდ ხდება ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს. არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
ტატუნაშვილის ოჯახს დღეს მიუსამძიმრეს ყოფილმა-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, მინისტრებმა, პარლამენტის წევრებმა, თბილისის მერმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა