ღალატი, რომელიც უკრაინელებს არ ეპატიებათ

 

,,თაიმერი,, უკრაინული მედიით 18 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა, სადაც უკრაინის ფრონტის ხაზზე სეპარატისტთა საარტილერიო დარტყმის შედეგად დაჭრილ, ,,ქართული ლეგიონის,, 8 მებრძოლზე იყო საუბარი.

გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც უკრაინაში მოღვაწე ქართველი დიპლომატის, საელჩოს ყოფილი პრეს-ატაშეს – ბაჩო ქორჭილავას ,,ფეისბუქ,, პოსტზე დაყრდნობით გაკეთდა, სვეტლოდარსკის დუგასთან სეპარატისტების საარტილერიო დარტყმების შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე ბატალიონ ,,კიევსკი რუს,,-ის ,,ქართული ლეგიონის,, 8 მებრძოლი დაიჭრა. როგორც წყარო იტყობინებოდა, ქართველ მებრძოლებს საშუალო და ნაკლების სიმძიმის დაზიანებები ჰქონდათ, რაც ძირითადად კონტუზიით გამოიხატებოდა.

ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში, ,,თაიმერი,, დაუკავშირდა ,,ქართული ლეგიონთან,, დაახლოვებულ ერთ-ერთ წყაროს, რათა მისგან შეეტყო მომხდარისა და დაჭრილ ქართველ მებრძოლთა მდგომარეობის შესახებ… თუმცა, იმ ინფორმაციამ, რაც ჩვენი წყაროსგან  მივიღეთ, შეიძლება ითქვას, რომ შოკში ჩაგვაგდო.

,,თაიმერის,, მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო ძალების გარკვეული ხელმძღვანელების მხრიდან ღალატს ჰქონდა ადგილი… როგორც  ,,თაიმერის,, წყარო განმარტავს, ,,ქართული ლეგიონის,, მოქმედებებზე, მათ ადგილსამყოფელზე, მტერს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია და ქართველი მეომრები ფაქტიურად სასიკვდილოდ გაწირეს. ამასთანავე,  ,,ქართული ლეგიონის პოზიციებს,, არ მხოლოდ სეპარატისტთა მხრიდან ჰქონდა ცეცხლი გახსნილი.

,,ჩვენს ბიჭებს შეტევაზე გადასვლის ბრძანება მისცეს… რაც, როგორც წესი ზეპირად ხდება ბრიგადის მეთაურის მხრიდან. ბრიგადის მეთაურები შეტევას გენშტაბთან ათანხმებენ და მერე გასცემენ მსგავს ბრძანებას. როგორც ირკვევა ეს ბრძანება შეთანხმებული არ ყოფილა. ბიჭები როგორც კი შეტევაზე გადავიდნენ, მაშინათვე მოწინააღმდეგის მხრიდან მასირებული საარტილერიო დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდნენ… ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ საღამომდე ძლივს მოახერხეს საკუთარ პოზიციებზე დაბრუნება. დაბრუნებულებს საკუთარ პოზიციებზე უცხო ხალხი დახვდათ… არავინ იცის ვინ მოიყვანა ისინი იქ. როგორც კი ეს ხალხი მოიშორეს საკუთარი ბლინდაჟებიდან, მათი ტერიტორია მასირებული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა… ზუსტად იმ ტერიტორიაზე ცვიოდა ბომბები, სადაც ქართველები იყვნენ… პირდაპირ ბლინდაჟებში. 8 ადამიანი დაიჭრა. ბიჭები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ, როგორც რუსები ასევე უკრაინელებიც ესროდნენ. ზუსტი კოორდინატები ჰქონდათ მათი განლაგების. საეჭვოა, ის ფაქტიც, რომ შეტევის ბრძანება მხოლოდ ,,ქართულმა ლეგიონმა,, მიიღო. მიუხედავად ყვლაფრისა, ქართვლები ცოცხლები გადარჩნენ, რაც ძალიან დიდი გამართლებაა. შეიძლებოდა ყველანი დახოცილიყვნენ. უკრაინულმა სარდლობამ იცის, რომ ქართველები ხვდებიან რა ღალატიც იყო და ახლა მათზე სერიოზული ზეწოლა მიდის… თუ ისინი ხმას ამოიღებენ, იტყვიან, რომ ქართველებმა შეტევა თვითნებურად წამოიწყეს და მათივე დაადანაშაულებას შეეცდებიან მაგრამ ფაქტია, რომ ქართველების ადგილმდებარეობა გაყიდული იყო… მინსკის შეთანხმების თანახმად, სამხედრო ხელმძღვანელობას შეტევის ბრძანების გაცემა ოფიციალურად, ანუ დიკუმენტალურად არ შეუძლია, ამიტომ ორივე დაპირისპირებული მხარე, შეტევის ბრძანებას მხოლოდ ზეპირად გასცემს, ისე რომ ამაზე არანაირი დამამტკიცებელი დოკუმენტები არ რჩება, თუმცა ბიჭებს საკუთარი პოზიციის დასაცავდა გარკვეული მტკიცებულებები რა თქმა უნდა ექნებათ,, აცხადებს ,,თაიმერის,, წყარო.

,,თაიმერი,, ამ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ დაუკავშირდა ,,ქართული ლეგიონის,, მეთაურს მამუკა მამულაშვილს, რომლისგანაც ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ… მამულაშვილმა მოუცლელობა მოიმიზეზა და უახლოეს ხანებში დაგვპირდა კომენტარს, რომელსაც ,,თაიმერი,, ამ დრომდე ელოდება და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

 

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სფეროს ორი რუსული კომპანია აშშ-მ “შავ სიაში” შეიყვანა
შემდეგი სტატია“ახალ ძალთა მოძრაობის” პრესსამსახური: სააკაშვილის წერილის გამოქვეყნება მიუთითებს ხელისუფლების სისუსტეზე