გერმანიაში, საჭესთან ჩადრით ან ნიღბით ჯდომა აიკრძალა – ჯარიმა 60 ევროა

გერმანიაში მძღოლებს მანქანის მართვისას სახის ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარვა ეკრძალებათ. შეზღუდვა ავტოსაგზაო მოძრაობის შესახებ კანონის გამკაცრებას მოყვა. კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს 60 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შეზღუდვის დაწესების მიზეზად კანონმდებლებმა სიჩქარის გადაჭარბების ან სხვა შემთხვევის დროს მძღოლის იდენტიფიცირების პრობლემა დაასახელეს. მათი განმარტებით, საჭესთან მჯდომი მძღოლის სახე ადვილად გასარჩევი უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში გამონაკლისის სახით, მხოლოდ რელიგიური თავსაბურავია დაშვებული, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური დათმობაა – წერს გამოცემა.

კანონის გამკაცრების შესახებ უკმაყოფილება გერმანიაში მუსლიმთა ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელმა ნურჰან სოიკანმა გამოთქვა. მისი განმარტებით, „კანონი მკაცრდება იმ მიმართულებით, სადაც ამის საჭიროება არ არის. არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული, სადაც დამნაშავე ჩადრიანი ან ხიჯაბიანი მძღოლი იყო“.

ბრიტანული გამოცემა „ინდიპენდენტის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში, გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტს, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში, სასამართლოსა და სამხედრო სამსახურში ქალებს ხიჯაბის და ჩადრის ტარებას უკრძალავდა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში მეწყერის ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, რომელშიც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაქობულეთში, ზღვაში რუსეთის მოქალაქე ქალი დაიხრჩო