გენგეგმის დოკუმენტაციის შეფასებაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს, რომ “სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული გენგეგმის დოკუმენტაციის შეფასების პროცესში ჩაერთონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე, თბილისის მიწათსარგებლობის გენგემა არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის გრძელვადიანი და სწორი განვითარება.

“დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია “სითი ინსტიტუტმა” მოითხოვა 45 დღიანი ვადა, რაზეც თბილისის მერიამ თანხმობა განაცხადა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არსებობა. ვაცნობიერებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, ადგილობრივ ექსპერტებს, რათა მოხდეს მათი ჩართულობა “სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დოკუმენტაციის შეფასების პროცესში. აქტიური კონსულტაციების შედეგად მოხდა შეთანხმება თბილისის მერიასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის, შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია “ბიურო ჰაპორდმა“, რომელიც არის მერიის სტრატეგიული პარტნიორი, გამოთქვეს მზადყოფნა მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ გენგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში. ჩვენ დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესის უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე.

“მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული “სითი ინსტიტუტის” მიერ თბილისის მერიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები, ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური სარგებლობის დოკუმენტში ასახვის კუთხით. მერია უზრუნველყოფს ყველა ორგანიზაციისა და შესაბამისი ექსპერტების ინფორმირებას ყველა დოკუმენტაციას, რაც გენგეგმაზე მიუღია თბილისის მერიას, მივაწვდით ამ ადამიანებს, რომ მოხდეს მუშაობის დაწყება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : 2013 წელს დაიწყო დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება და წელს ლოგიკურ დასასრულამდე მივა
შემდეგი სტატიაკიევის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს